გარდასულ დროთა შიკრიკი და მომავლის არქეოლოგი

კარგად დააკვირდით. კარგად მოუსმინეთ. ლითონის, ქვის, ცეცხლის ურთიერთქმედებით გუჯი მასალათა პოლიფონიას ქმნის და ეს მუსიკალური სინატიფე იმ ლოცვას ემსგავსება, რომელიც ყველაფრის მიმართ, და იმავდროულად წინააღმდეგ, გაისმოდა XX საუკუნეში სიკვდილის, ნგრევის და აბსურდის ფონზე. მისი გამეორება საკმარისი არასდროს მოგვეჩვენება.
გუჯი არასდროს განრიდებია ისტორიას, თავის საუკუნეს, მშობლიურ საქართველოს ან საფრანგეთს, მის მეორე სამშობლოს. პირიქით, იგი მათ წარმოაჩენდა ისევე, როგორც სხვა ყველაფერს.

სტეფანე ბარსაკი

საქართველოში...

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ამაშუკელების ოჯახი ბათუმიდან ბორჯომს გადასახლდა, სადაც გიორგი ამაშუკელი სამხედრო ჰოსპიტლის მთავარ ექიმად გაამწესეს. გიორგის მეუღლე, ნინო, ფეხმძიმედ იყო და მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი მოგზაურობის გამო, მშობიარობა დაუჩქარდა"
ბორჯომში, 1941 წლის 6 ივლის დაიბადა ელგუჯა, მოფერებით გუჯი ამაშუკელი.
აზნაური გიორგი ამაშუკელი წარმოშობით იმერეთიდან, სოფელ ამაშუკეთიდან იყო. რუსეთში რევოლუციამდე სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ, ბათუმში დასახლდა, სადაც ექიმად მუშაობდა. მისი მეუღლე კი, ქალბატონი ნინო, ამავე ქალაქის რუსულ ლიცეუმში ასწავლიდა საბუნებისმეტყველო საგნებს " ბოტანიკას, ზოოლოგიასა და ანატომიას.
საინტერესოა, რომ 1943 წელს, მას შემდეგ, რაც სტალინმა ქართულ ეკლესიას მოჩვენებითი ავტოკეფალია დაუბრუნა, ნინომ, მეუღლისგან მალულად, შვილები " გუჯი და ნუკრი, თბილისში ჩაიყვანა, მონათლა და ნათლობის სახელებად წმინდანი, გმირი ძმების სახელები შეურჩია, გუჯის " ელიზბარი, ნუკრის კი " შალვა.
ომის დამთავრების შემდეგ, ოჯახი კვლავ ბათუმში, პატარა, ოროთახიან ბინაში, სიღარიბესა და სივიწროვეში დაბრუნდა. ამაშუკელებს შინ ორი განსაკუთრებული ნივთი ჰქონდათ " დედის, ქალბატონი ნინოს სიამაყე, გერმანული ფორტეპიანო და 1900 წლის მსოფლიო გამოფენიდან პაპის ჩამოტანილი სტერეოსკოპი. სწორედ ეს, იმ დროისთვის ბათუმელთათვის უცნაური და იშვიათი ნივთი იქცა პატარა გუჯის მთავარ, მასაზრდოებელ "წიგნად". სტერეოსკოპში დანახული მსოფლიო ქალაქების ხედების, არქიტექტურული ნაგებობების უმნიშვნელო დეტალებიც კი შემორჩა მის მეხსიერებას.
რაც შეეხება ფორტეპიანოს, მასზე ხომ ვიღაცას უნდა დაეკრა და ამიტომ გუჯი, საშუალო სკოლასთან ერთად, მიუხედავად წინააღმდეგობისა, დედამ მუსიკალურ სკოლაშიც მიაბარა. მას კი ხატვა სურდა და ათი წლის ანცმა ბიჭმა, მუსიკალურ სკოლში გადასახადი ფულით, სამხატვრო სკოლას მიაშურა. ქალბატონი ნინო ყველაფერს მესამე თვის მიწურულს მიხვდა, შვილი მუსიკალურ სასწავლებელში დააბრუნა, მაგრამ სამხატვრო სკოლაში სწავლის გაგრძელების უფლებაც მისცა.
საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ, ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი თბილისის სამხატვრო აკადემიაში აბარებს მისაღებ გამოცდებს, მაგრამ უშედეგოდ. 1959 წელს, ორი წარუმატებელი ცდის შემდეგ, იგი აკადემიის თავისუფალი მსმენელი ხდება და მხოლოდ 1960 წელს ირიცხება ქანდაკების ფაკულტეტზე. აკადემიაში სწავლის პერიოდიდან მხატვარი განსაკუთრებული მადლიერებით ორ პედაგოგს " ვასილ შუხაევსა და ედმონდ კალანდაძეს იხსენებს.
აკადემიის დამთავრება და დიპლომის აღება გუჯიმ ვერ შეძლო. 1962 წელს მისმა ორმა მეგობარმა ბათუმის პორტში რეიდზე მდგარ უცხოურ ტანკერთან მიცურა და გემის კაპიტანს "რკინის ფარდის" მიღმა, თურქეთში გადაყვანა სთხოვა. ბუნებრივია, ახალგაზრდები დაასმინეს, დაიჭირეს და, "სამშობლოს ღალატისა და საზღვრის უკანონოდ დარღვევის" გამო, ექვს-ექვსი წლით გადაასახლეს. ახლობლებმა, უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით, რადგან მოსალოდნელი იყო გუჯის დაკითხვაც, მას საქართველოს დატოვება ურჩიეს. იგი სასწრაფიდ ტოვებს თბილისს და მოსკოვს მიემგზავრება"

რუსეთში...

მოსკოვში გუჯი სხვადასხვა ხერხს მიმართავს, რათა ქალაქში ჩაწერის უფლება მოიპოვოს, რაც მას სამსახურის დაწყების საშუალებას მისცემს. იგი მოსკოვის ზარაფხანისთვის ქმნის მემორიალური დაფების, წიგნაკებისა და მედლების ესკიზებს; თიხისგან ძერწავს თვითმფრინავების, ტრაქტორების, ისტორიას ჩაბარებული სამხედრო მანქანების სათამაშო მოდელებს; ხატავს საბჭოთა პროპაგანდისთვის დამახასიათებელ სააგიტაციო პლაკატებს და... სამსახურს იწყებს. მეტიც, მოსკოვის ზარაფხანის კომბინატის დირექციის რეკომენდაციით, მას, 23 წლის ასაკში, მხატვართა კავშირის მოსკოვური სექციის ყველაზე ახალგაზრდა წევრად იღებენ. კავშირი მხატვართა "ელიტას" აერთიანებს და მათ, როგორც შემოქმედებით, ასევე ეკონომიური თვალსაზრისით, განსაკუთრებულ პირობებს უქმნის.
1967 წელს გუჯის მამა გარდაეცვალა. იგი ბათუმში ჩავიდა და ერთხანს დედასთან დარჩა. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა ქალაქის გარეუბანში ორი მოხუცი თოქმაჩის მოხერხებულად მოწყობილი სახელოსნო, სადაც, ორი თვის მანძილზე, ეცნობოდა მესპილენძეთა, ლითონის დამუშავების ოსტატთა მრავალსაუკონოვან ტრადიციებს, სწავლობდა ზუსტ, ვირტუოზულ მოძრაობებს. მხატვარმა აქ ისწავლა სპილენძის გამოჭედვა, ლითონის გამოდნობა, შედუღება, მოქლონვა. გაიგო, რომ: მოსაკალად გამზადებული ნივთი ნაკვერჩხალზე ზომიერად ხურდება და გვარჯილას მიყრით იწმინდება; გავარვარებული სპილენძი მაშინვე ადნობს მოტრიალე ბაკანზე მიყრილი კალის პატარ-პატარა ნაჭრებს და ხელოსანი, სველი ჩვრის ერთი მოსმით, თვალის დახამხამებაში, თხელ ფირფიტად აქცევს თეთრ ლითონს. ყველაფერი კი ლითონის ფერზე, სიმხურვალის თანაბრად განაწილებაზე, ზუსტ და სწრაფ მოძრაობებზე, ნაკვერჩხლის გიზგიზზე, სუნზე, კალის სიმძაფრესა და შერეულ გვარჯილაზეა დამოკიდებული.
ბათუმში გატარებული ეს ორი თვე საფუძვლად დაედო მომავალი ოქრომჭედლისა და სკულპტორის შემოქმედებას.
შემდეგ წელს გუჯი უკვე სოლვიჩეგოდსკში, მხატვართა კავშირის დახმარებით მოპოვებული სტიპენდიით, განთქმულ უსოლის მინანქარს სწავლობს. კრემლისა და ერმიტაჟის საგანძურის შესწავლისა და მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში ჩატარებული ერთი-ორი გაუბედავი მცდელობის შემდეგ, იგი ახალ ტექნიკას ამუშავებს და თეთრად ამინანქრებს ჭედური სპილენძით შესრულებულ რამდენიმე თასს.
ლითონის დამუშავებაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გუჯიმ დიდი შეკვეთების შესრულებისას გამოიყენა. ჭედური ლითონის ნაკეთობებმა, დამუშავებული სპილენძის ცხოველების ფიგურებით მორთულმა სადღესასწაულო დარბაზებმა, სააგარაკო სახლების ინტერიერებმა, ბუხრებმა, სხვადასხვაგვარმა განათებამ და გისოსებმა, როგორც საბჭოთა, ასევე უცხოელთა საზოგადოების ყურადღება მიიქცია.
1967 წელს გუჯიმ მოსკოვში ოცი წლის ფრანგი გოგონა კატრინ ბარსაკი გაიცნო. რუსული ენის სრულყოფისთვის რვა დღით ჩამოსული ახალგაზრდა თარჯიმანი რუსეთში რვა წელი დარჩა და მას საფრანგეთის საელჩოს კულტურის ატაშემ საბჭოეთში ფრანგული კულტურის პოპულარიზაცია მიანდო.
კატრინი და გუჯი, მიუხედავად მრავალი ადმინისტრაციული წინააღმდეგობისა, 1969 წელს, დაქორწინდნენ. გუჯიმ დაკარგა სამსახური, შეკვეთები და ყველა ის პრივილეგია, რაც ქორწინებამდე ჰქონდა. იგი მხატვართა კავშირშიც მიიწვიეს, სადაც კავშირიდან გასვლის განცხადება დააწერინეს. გუჯის მცდელობა, მიეღო საფრანგეთში გასვლის უფლება, ყოველთვის, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, უპასუხოდ რჩებოდა. კატრინის მამამ, ანდრე ბარსაკმა არაერთხელ მიმართა დახმარებისთვის საფრანგეთის პრეზიდენტს ჟორჟ პომპიდუს, რომლის მცდელობამაც გუჯი იმ სიაში მოახვედრა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირი მითითებით აწესრიგებდა უცხოეთში წამსვლელთა სადაო საქმეებს. 1973 წლის დასასრულს, გუჯის საბჭოთა კავშირის დასატოვებლად, მოულოდნელად, ერთი თვე მისცეს. იგი შვილთან, წლინახევრის სტეფანესთან ერთად, სასწრაფოდ ჩადის ბათუმში დედასთან გამოსამშვიდობებლად. ქალბატონი ნინო, რა თქმა უნდა, ხვდება, რომ ეს მისი შვილთან და შვილიშვილთან უკანასკნელი შეხვედრაა"
გუჯი, კატრინი და სტეფანე აეროპორტიდან მეგობარმა ქალმა, ფრანგმა დიპლომატმა გააცილა"

საფრანგეთში...

1974 წლის 31 იანვარს გუჯი საფრანგეთში ჩავიდა და მეორე დღესვე მონმარტრს მიაშურა. ტერტერის მოედნიდან საკრე-კიორამდე გასეირნებამ, მშვენიერმა, თებერვლის ნისლიანმა პარიზმა, ხედებმა, რომელიც მის თვალწინ გადაიშალა, პაპისეული სტერეოსკოპი გაახსენა, დამშვიდდა და მიხვდა, რომ ის სახლშია და თავს კარგად გრძნობს"
საფრანგეთში ხელოვანი ჯერ ერთწლიანი ცხოვრების ნებართვას იღებს, ერთი წლის შემდეგ კი " სამწლიანს. 1978 წელს საშემოსავლო დეკლარაციის შევსების შემდეგ იგი უკვე საფრანგეთის მოქალაქეა და საბუთებს გი ჟორჟ ამაშუკელის სახელზე აფორმებს. ელიზბარად მონათლული ელგუჯა ფრანგ ჟორჟ ამაშუკელად იქცა, ნამუშევრებს კი მისთვის ჩვეულ "გუჯის" აწერს და ეს სახელი ოფიციალურ საბუთებში ფსევდონიმად შეაქვს...
1974 წელს, ჩასვლის შემდეგ, პირველი სამი თვე საკმაოდ რთული აღმოჩნდა, პარიზულ მოუსვენარ გარემოცვასა და საზოგადოების ცხოვრების რიტმს მხატვარმა ალღო ვერ აუღო. საჭირო იყო ძალების მოკრება და ახალი ცხოვრების დაწყება. მისი აპათიით გაოცებული მეუღლე " კატრინი შეშფოთებულია.
ახალგაზრდობაში გუჯი ოქრომჭედლობაზე ოცნებობდა და ღვთის სადიდებლად უნიკალური, მშვენიერი ნივთების შექმნა სურდა...
გუჯი ნელ-ნელა ეჩვევა ცხოვრების ევროპულ წესს...
ძვირფასი ლითონების დამუშავება საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო. გუჯის პირველი ნამუშევარი ვერცხლზე, 1969 წლით დათარიღებული, სარდიონებით, გიშრით, ქრიზოპრაზითა და შავი ზღვის კენჭებით მორთული გულსაბნევია. ამის შემდეგ მან მომავალ ცოლის დას უსახსოვრა ვერცხლითა და სარდიონით ნაკეთი ყელსაბამი და, ეს იყო და ეს, მას საფრანგეთში წასვლამდე სხვა სამკაული არ შეუქმნია. აქ კი, მონმარტრზე, თეო და ვინსენტ ვან გოგების სახლის წინ მოთავსებულ თორმეტმეტრიან სახელოსნოში, გუჯი სამკაულთა პირველ სერიას ქმნის (რომელიც ძალზე მოსწონს ცნობილ კუტურიეს იუბერ დე ჟივანშის), ქართული ინიციალებითა და ლათინური ხელმოწერით საკუთარ დამღას ადებს და ნამუშევრებს პარიზის ცნობილ "სვენის" გალერეაში ფენს. სამკაულები იყიდება, რაც შემოქმედისთვის იმედისმომცემი ნიშანია.
სპილენძის ბიჟუტერია ოქრომჭედლობის ნიმუშებს ემსგავსება. 1975 წლიდან ხელოვანი მოვერცხვლას ელექტროლიზით ახორციელებს. პატარ-პატარა სადა ნივთები უფრო მდიდრული ხდება. მოყვარულთა წრეებში გუჯიზე ალაპარაკდნენ. 1976 წელს სვენის გალერეა მის სამკაულებს პარიზის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე წარადგენს, რასაც უამრავი გამოფენა მოჰყვება: ბიჟორკას საოქრომჭედლო ბიჟუტერიისა და საათების სპეციალიზირებული საერთაშორისო სალონი, ბიჟუტერიის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა შვეიცარიაში (ბალი, 1981 წელი), პარიზის გრან-პალეს ანტიკვარებისა და მაღალი ოქრომჭედლობის ბიენალე (1982 წელი), გერმანია (1983, 1986 წლები), ლუქსემბურგი (ჯან ილგერის გალერეა, 1985 წელი), ნიუ-იორკი (არას გალერეა, 1986-87 წლები), მაიამი (გალერეა 99, 1987-88 წლები), ლონდონი, მიუნჰენი, ბარსელონა და ა.შ.
გუჯი სამკაულების სერიულ გამოშვებაზე შემოქმედების დაწყებისთანავე ამბობს უარს. მისი ნივთები ერთ ეგზემპლარად იქმნება. როდესაც გალერეები სალონებში გამოფენილი სამკაულების ასლის გაკეთებას სთხოვენ, გუჯი უარს ამბობს და მათ იმავე ჩანაფიქრის ახალი კოლექციის შექმნას სთავაზობს.
საფრანგეთის აკადემიის "40 უკვდავთაგან" პირველად, 1976 წელს, თეტრის მოღვაწემ და დრამატურგმა ფელისიენ მარსომ დაუკვეთა დაშნა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა აკადემიკოსთა სიმბოლოს შექმნა არა ხელოვანთა ჯგუფს, არამედ ერთ ადამიანს მიენდო. ამის შემდეგ გუჯიმ დაშნა ცხრა "უკვდავ" აკადემიკოსს დაუმზადა.
იმავე, 1976 წელს ერთმა მეგობარმა ხელოვანს "ფორმის მქონე" საგნებზე ანუ მცირე სკულპტურაზე მუშაობა ურჩია, რაც საკმაოდ რთული გახლდათ, რადგან ეს ტექნიკა ბევრ პირველად მასალას და დიდ დროს მოითხოვდა. მოვერცხლილი სპილენძით შესრულებული პირველი ნამუშევრები მარტივი, არაკომერციული დანიშნულებისა იყო, თუმცა მნახველზე შთაბეჭდილებას ახდენდა და მხატვარს აღიარება და საოცარი წარმატება მოუტანა. მასიური ვერცხლის პირველი სკულპტურა გუჯიმ 1980 წელს შექმნა. ეს ქნარისმაგვარი, რქებით შემკული ხბოსთავიანი ოვალური თასი მისი მომავალი შემოქმედების სიმბოლოდ იქცა და ის კატრინმა სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან, მცირერიცხოვან ქმნილებებთან ერთად, არ გაყიდა და ოჯახში დაიტოვა.
მოგვიანებით გუჯი მეგობარს ახალგაზრდობის ოცნებას გაუზიარებს. მას საეკლესიო სარიტუალო ნივთების შექმნა სურს.და, აი, 1987 წელს, საკრალური ხელოვნების კომიტეტის დაკვეთით, თანამედროვე ხელოვნების ეროვნული ფონდისთვის, ოსტატი რელიგიური დანიშნულების, დიდი მოცულობის საგნებს ქმნის. ეს საგნები ეპოს სააბატოში (სარტი) გამართულ საეკლესიო თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო კოლოქვიუმზე გამოიფინა. კარდინალი ლუსტიჟეს შუამდგომლობით, მოჭედილი ვერცხლის ფილებით შესრულებული და არმორიკული გრანიტით მოპირკეთებული ემბაზი, ინკრუსტირებული ხელადა და სააღდგომო შანდალი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს გადაეცა, სადაც მათ პაპი იოანე-პავლე II, 1997 წლის აგვისტოს, ახალგაზრდობის მსოფლიო დღეების ჩატარებისას, მოზრდილთა საერო ნათლობის ცერემონიალზე გამოიყენებს.
დღეს, გუჯის ბევრი ეკლესია მიმართავს თხოვნით, შექმნას სარიტუალო ნივთები და მოწყობილობა. სწორედ მის მიერ შექმნილი კარიბჭის ჩაქუჩი გამოიყენა რომის პაპმა " იოანე-პავლე II-მ, წმინდა პეტრეს ტაძრის წმინდა კარიბჭის გასაღებად და დასახურად მესამე ათასწლეულში გადასვლის აღსანიშნავ ცერემონიალზე!

* * *
მესპილენძის, ოქრომჭედლის, იუველირის და მწახნაგებლის ხელოვნების შეერთებით გუჯი ანტიკური ჩუქურთმის სულიერებას სწვდება და გამქრალ ცივილიზაციათა საწყისთან გვაბრუნებს. მის ხელოვნებას კარგად მორგებული ხელობა, უნიკალური ცოდნა, მახვილი თვალი, გონებით ამოძრავებული ძლიერი მარჯვენა, ნებისყოფა, გამძლეობა, ენერგია და მუსიკალური რიტმი მართავს. იგი როგორც პრომეთე ან პიგმალიონი, ცოცხალ ფორმებს ქმნის და ღვთაებრივ ცეცხლს შთაბერავს მათ.
გუჯის ხელოვნება თანამედროვე ალქიმიაა, მაგრამ ვიდრე მასალას გააცოცხლებდეს, ძალას და მშვენიერებას, წინასწარობას და უნივერსალობას შესძენდეს, უნდა მოძებნოს და მოათვინიეროს იგი...
გუჯი, გარდასულ დროთა შიკრიკი და მომავლის არქეოლოგი, თითქოს იხსენებს და ხელახლა ქმნის, გარდაქმნის და შთაგვაგონებს...
და ყოველივე ეს ყოველდღიურობაში არ იკარგება, იგი მარადისობას ეხმიანება.