დიდი აღმოჩენა მცხეთაში

მცხეთაში, ძველი საქართველოს დედაქალაქში, 1995 წლიდან, მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე შეიქმნა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ და ქართულმა საზოგადოებამ საგანგებო კვლევის საგნად გაიხადა ძველი დედაქალაქის საქალაქო კულტურა, ქალაქწარმოქმნის პრინციპები, მისი როლი და გავლენა საქართველოს სხვა კუთხეებზე. ამ არქეოლოგიურმა დაწესებულებამ დიდად გაამდიდრა ქართული ნივთიერი და სულიერი კულტურის საგანძური, მაგრამ, ამჯერად, მხოლოდ ერთი აღმოჩენის შესახებ გვსურს ვაუწყოთ საზოგადოებას; მკითხველი თავადვე მიხვდება, რომ ჩვენ წინაშე არაჩვეულებრივი მოვლენაა.

ჩვენი საზოგადოება ბრწყინვალე არქეოლოგიური აღმოჩენებით განებივრებულია, მაგრამ ამ მცხეთური აღმოჩენის მნიშვნელობა დიდად სცილდება საქართველოს ფარგლებს. ყოველივე, რის შესახებაც უნდა გაუწყოთ, აღმოჩენილია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის აღმოსავლეთ ფასადთან, უშუალოდ კედლის მომიჯნავედ.
2001 წლის ზაფხულში, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით, გადაწყდა ტაძრის საძირკვლის შესწავლა, მისი დეფორმაციის ხარისხის განსაზღვრა. ამ მიზნით შექმნილ ღრმა თხრილში გამოიკვეთა ქვიშაქვის ფილებით ნაგები სამარხი, ე.წ. ქვაყუთი. აღმოჩნდა, რომ სამარხში დაახლოებით 50 წლის ქალბატონი დაუმარხავთ, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული. მასთან ერთად სამარხში დავანებული ყოველი ნივთი საგანგებო დახასიათების ღირსია, მაგრამ მკითხველის ყურადღებას მხოლოდ ერთი მათგანით მივიპყრობთ, სხვას კი უბრალოდ აღვნიშნავთ.
ნაპოვნია ოქროს საბეჭდავი ბეჭედი სარდიონის გემათი (ინტალიო), მასზე გამოსახული ქალის პროფილით, ე.წ. "ფრიგიული ქუდით" და ბერძნულ ენაზე შესრულებული წარწერით - "დედოფალი ულპია მბრძანებელი"; ჰორელიეფური კამეები მამაკაცისა და ბავშვის გამოსახულებით, რომლებიც, უდავოდ, წარმოადგენენ ანტიკური პერიოდის ბრწყინვალე ელიპტიკურ ნიმუშებს; გიშრის სანელსაცხებლე ოქროს ხუფითა და ოქროსავე ძეწკვებით; ოქროს საკიდები, ინტალიო ზევსის გამოსახულებითა და სხვ.
და, რაც მთავარია, საწერი მოწყობილობა პენალი, რომელიც უნიკალურ აღმოჩენათა რიგს განეკუთვნება. სწორედ მასზე ვისაუბრებთ ცოტა უფრო დაწვრილებით.
პენალის კორპუსი მთლიანად ვერცხლისაა, მოოქრული, ოქროს დეტალებითა და რელიეფებით შემკული. იგი განკუთვნილია ვერცხლის სტილოსებისა (ჩვენი ტერმინოლოგიით კალამ-კალმისტრებისთვის) და ოქროს სამელნესათვის. სტილოსები თავსდებოდა საგანგებოდ დატალღულ ფირფიტაში, ხოლო ოქროს სამელნე - რელიეფებით შემკულ ბუდეში. სამელნეს ბუდის ჰორელიეფები ადამიანთა პორტრეტული გამოსახულებებია, სამივე მათგანი კონკრეტული პიროვნებაა, რასაც მათ თავებზე არქაული წარწერები გვაუწყებს: მენანდრე, ძვ. წ. აღ. IV-III ს. კომედიოგრაფი; ჰომეროსი, ძვ. წ. აღ. VIII ს-ის ეპიკოსი, ელადური პოეზიის მამამთავარი და დემოსთენე, ძვ. წ. აღ. IV ს-ის რიტორი. წარწერები ბერძნულ ენაზეა შესრულებული ისევე, როგორც ამ გამოსახულებათა თავზე დამაგრებულ ოქროს ფირფიტაზე. ეს წარწერა ჭვირულია, ჭვირულია ასევე ფირფიტის მცენარეული, თუმც რამდენადმე გეომეტრიული ორნამენტი, სადაც იკითხება: "მეფე უსტამოსისა და ევგენიოსისა". ე. ი. ხელსაწყო ამ ორი პიროვნებისა ყოფილა. და ამ ახლახან ნაპოვნმა ნივთმა ძველი საქართველოს კიდევ ერთი მეფის სახელი შეგვმატა. ხელსაწყოს მეორე მხარე, ზემოდან ქვემოთ, სამ რიგად განთავსებულ მუზათა გამოსახულებებითაა შემკული, შესაბამისი წარწერებითა და იმ ატრიბუტებით, რომელიც თითოეული მათგანისათვის ანტიკურმა იკონოგრაფიამ დააკანონა. ესენია: კლიო, ევტერპე, თალია, მელპომენე, ტერფსიხორე, ერატო, პოლიმნია, ურანია, ალიოპე. აკადემიკოსმა, ქალბატონმა თინათინ ყაუხჩიშვილმა, დიდძალი მასალა მოიხმო წარწერათა დასათარიღებლად და ისინი II-III სს-ით განსაზღვრა.
თვით სამარხის ინვენტარი, მისი ზოგიერთი ნივთი, წინასწარულად შეიძლება მიგვანიშნებდეს რამდენადმე უფრო გვიანდელ თარიღს, მაგ. III-IV ს-ის მიჯნას, რაც სრულებით არ ნიშნავს, რომ ეს ხელსაწყოც ამავე პერიოდით უნდა დავათარიღოთ, რადგან ბუნებრივია, რომ ინსტრუმენტები, რომლებიც ამავე დროს ინსიგნიაცაა წარჩინებულისა, თაობიდან თაობას გადაეცემა და როდესღაც, მოგვიანებით, დავანდება ხოლმე მიცვალებულთან ერთად. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს გამოსახულებათა პლასტიური გადაწყვეტა (რაც, უდავოდ, ელინისტური ხელოვნების გამოძახილია) და ფიგურათა (მუზების) დახვეწილი ბერძნული პროპორციებიც.
საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ, ჯერ კიდევ 1938 წელს, დიდი მცხეთის ტერიტორიაზე, სამთავროს ველზე, აღმოჩნდა წარწერა - ეპიტაფია, სადაც იხსენიება მცხეთაში მოღვაწე მხატვართუხუცესი და არქიტექტორი ავრელიოს აქოლისი. ოთხი წლის წინ მცხეთაშივე, ანტიოქიის ტაძარში აღმოჩენილ ქვის სტელაზე, კვლავ იხსენიება მხატვართუხუცესი და არქიტექტორი, იგივე ავრელიოს აქოლისი, ამჟამად უკვე კონკრეტულ მშენებლობასთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ ასეთი თანამდებობა მხატვართუხუცესი, მხოლოდ ქართულ სინამდვილეში ჩანს და ძველი საქართველოს დედაქალაქშია შემოღებული (დანარჩენ სამყაროში ეს თანამდებობა მხოლოდ VIII საუკუნიდან ჩნდება). ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ არსებობდა სხვა "უხუცესიც", მხატვართუხუცესის გვერდით, და რომ ეს საწერი მოწყობილობა სწორედ მას ეკუთვნოდა ანუ - ქართლის სამეფოს მწიგნობართუხუცესს.
მწერლობასთან დაკავშირებული არაერთი ნივთია მიკვლეული არქეოლოგთა მიერ. მათ შორის ნაწილი მცხეთაშიცაა ნაპოვნი (ცალკეული სამელნეები და სტელოსები), ისევე, როგორც პომპეიში, ძველ რომაულ ქალაქში, რომელიც 79 წლის ვეზუვის მთიდან ამოფრქვეულმა ვულკანურმა ლავამ გაანადგურა, მაგრამ ისინი, ძირითადად, ბრინჯაოს ან რკინისაა; გვხვდება ძვლის სტილოსებიც და სხვ.
რაც მთავარია, მცხეთური აღმოჩენა, ამ საგანთა შემადგენლობა და კონსტრუქცია, შემკულობა არაფრით არ მიეკუთვნება მასიური წარმოების ნიმუშს (სხვა თუ არაფერი, მისი მსგავსი ნიმუში ჯერჯერობით არსად აღმოჩენილა), იგი საგანგებო შეკვეთით დამზადებულსა ჰგავს და ასახავს დამკვეთის მოთხოვნას, ის უნდა შეიცავდეს ანტიკური ხანის ბრწყინვალე მოაზროვნეთა გამოსახულებებს: ჰომეროსის, დემოსთენესა და მენანდრესას. ე.ი. ეს იმდროინდელი საქართველოს სულიერი მოთხოვნაა. ამ სამყაროში იცნობდნენ იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე გამოჩენილ შემოქმედთ და იცოდნენ მათი ღვაწლი აზროვნების განვითარებაში.
ამ აღმოჩენას, თავისთავად, კიდევ ერთი შორეული ფაქტისკენ მიჰყავს ჩვენი აზროვნება, ფაქტისკენ, რომელსაც ასე მეტყველად გადმოგვცემს ლეონტი მროველი, როცა იგი მეფე ფარნავაზის ისტორიას მოგვითხრობდა: "... და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული". მართალია, ქართლის ცხოვრების ამ ცნობის გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ იმას ვერავინ უარყოფს, რომ სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესის არსებით მიმართულებად, რეფორმატორ მეფეს სწორედ მწიგნობრობა და წიგნიერება მიაჩნდა.
მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის ეს აღმოჩენა კი ნივთიერი და თანაც უდავო დადასტურებაა ძველი საქართველოს განვითარებული საზოგადოებისა, მისი კულტურისა და წიგნიერებისა.
ქართულმა არქეოლოგიამ და, მასთან ერთად სრულიად საქართველომ, ამ ბრწყინვალე აღმოჩენით ახალ, XXI საუკუნეში შეაბიჯა.