ოპერაციული სისტემა Symbian

სმარტფონი და კომუნიკატორი " ეს სიტყვები უკვე მყარად დამკვიდრდა ჩვენს ლექსიკონში. პორტატული მოწყობილობები სულ უფრო ფართოდ შემოდის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ძვირფასი სათამაშოებიდან, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ძალიან შეძლებულთათვის, ისინი თანდათან თანამედროვე ადამიანთა განუყრელ ატრიბუტად გადაიქცნენ. მობილურობა " ეს გახლავთ საკვანძო სიტყვა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებში.


დასაწყისისთვის საჭიროა გავერკვეთ ტერმინოლოგიაში. სმარტფონის სახელის ქვეშ ხშირად იგულისხმება მოწყობილობა კლავიატურის გარეშე, რომელიც, ძირითადად, მონაცემებთან ურთიერთობისთვისაა განკუთვნილი და გათვლილია მომხმარებელთა ფართო წრეზე. კომუნიკატორი კი უფრო ფუნქციონალური მოწყობილობაა, აღჭურვილი კლავიატურითა და დიდი ეკრანით, იგი ორიენტირებულია "პროფესიონალურ" მომხმარებელთა წრეზე. მონაცემთა გადაცემის მაღალსიჩქარიანი ფუნქციებით (GPRS ან HSCSD) აღჭურვილი ასეთი მოწყობილობები მომხმარებელს საშუალებას აძლევს იყოს მოვლენათა "მწვერვალზე", მიიღოს ელექტრონული ფოსტა, იმუშაოს ინტერნეტში, მოახდინოს დოკუმენტების რედაქტირება, გააგზავნოს და მიიღოს ფაქსები და ა.შ. ამ მოწყობილობებს დიდი უპირატესობა გააჩნიათ ე.წ. ნოუთბუქებთან შედარებით " ისინი ძალზე კომპაქტურები არიან და არ მოითხოვენ მძლავრ კვების ელემენტს ხანგრძლივი მუშაობისთვის. ნოუთბუქებში გამოყენებული ოპერაციული სისტემები კი დიდწილად არიან დამოკიდებული მოწყობილობის სააპარატო რესურსებზე, როგორებიცაა მეხსიერება და დისკის მოცულობა, რაც შეუძლებელს ხდის ამ სისტემის გამოყენებას სმარტფონებში და კომუნიკატორებში. სწორედ ამ მოწყობილობებისთვის იყო შექმნილი SYMBIAN OS ოპერაციული სისტემა, რომელიც ადრე EPOS 32 ოპერაციული სისტემის სახელით იყო ცნობილი. მაშინ, როცა Windows CE და PALM იბრძვიან ლიდერობისთვის პორტატული კომპიუტერების ბაზარზე, SYMBIAN-ი ცდილობს ტელეფონები გახადოს უფრო მოხერხებული მათი SYMBIAN OS-ის ინტელექტუალური დაკომპლექტების ხარჯზე.
ოპერაციული სისტემა SYMBIAN OS (EPOS 32) შექმნილია კომპანიის SYMBIAN-ის მიერ, რომელიც კომპანიების MOTOROLA, ERRICSON, NOKIA და PSION ერთობლივ საწარმოს წარმოადგენს. მოგვიანებით, უკვე ჩამოთვლილ ფირმებს შეუერთდნენ: Matsushita, Kenwood, Fujitsu, SIEMENS და სხვ.
SYMBIAN-მა მოახდინა PSION-ის მიერ შექმნილი ოპერაციული სისტემა EPOS-ის და დანარჩენი პარტნიორების მიერ შეთავაზებული ტექნოლოგიების ინტეგრირება და ძალზე ეფექტურად გამოიყენა მათი მობილური კავშირგაბმულობის საშუალებათა ბაზარზე მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების მიერ გაყიდული მობილური აპარატების საერთო წილმა დაახლოებით 80% შეადგინა.
EPOS 32-ის პირველმა ვერსიამ, რომელიც 1997 წლის აპრილში იქნა გამოშვებული, მსოფლიოს ოპერაციული სისტემების ახალი თაობის დაბადება ამცნო. აღნიშნული ვერსია დაფუძნებული იყო კომპანია PSION-ის დიდ გამოცდილებაზე პორტატული მობილური მოწყობილობების ინდუსტრიაში.
კომპანია PSION-მა, ცამეტი წლით ადრე, 1984 წელს, შექმნა პერსონალური ორგანაიზერი. ეს მოდელი რვა თანრიგიანი პროცესორით იყო აღჭურვილი და პროგრამდებოდა ასემბლერის და ბეისიკის ენებზე. 1991 წლიდან კი გამოვიდა მოწყობილობების სერია საერთო დასახელებით " PSION SERIES 3, რამაც პერსონალური ციფრული ორგანაიზერი ძალზე პოპულარული და ხელმისაწვდომი გახადა ფართო მომხმარებლისთვის. ახალმა ოპერაციულმა სისტემამ მიიღო სახელი SIBO (Sixteen-Bit Organiser). ხშირად, მას SYMBIAN OS16-საც უწოდებენ. ამ სისტემაში პირველად იყო გამოყენებული ბირთვისა და პროგრამული ინტერფეისის ცალკეულ, დამოუკიდებელ კომპონენტებად გამოყოფის ტექნოლოგია, რაც შემდგომში 32 თანრიგიანი SYMBIAN OS ოპერაციული სისტემის განუყოფელი ნაწილი გახდა. მაგრამ სისტემა SIBO-ს გამოყენება მხოლოდ ხ86 პროცესორებზე შეიძლებოდა, ვინაიდან მას თავისი 16 თანრიგიანი არქიტექტურა ჰქონდა და ამავე დროს სისტემის ბირთვის უმეტესი ნაწილი ასემბლერის ენაზე იყო დაწერილი.
დროთა განმავლობაში, პორტატული კომპიუტერები თანდათან უფრო მძლავრი ხდებოდნენ. 1994 წლისთვის, 16 თანრიგიანი სისტემებისთვის დამახასიათებელი 64 კილობაიტიანი შეზღუდვა სერიოზული დაბრკოლება გახდა პერსონალური ორგანაიზერების შემუშავებისთვის. ასე წარმოიქმნა SYMBIAN OS ოპერაციული სისტემა. მან შეინარჩუნა წინამორბედი სისტემის ყველა საუკეთესო მხარე და, ამასთან, თვისობრივად ახალი, 32 თანრიგიანიპროცესორების ხანა წარმოადგინა.
რას წარმოადგენს SYMBIAN OS დღეს? ეს არის სრულიად ფუნქციონალური ოპერაციული სისტემა, რომელიც შექმნილია ტელეკომუნიკაციური ინდუსტრიის ყველა მოთხოვნის და თანამედროვე სტანდარტებისა და პროტოკოლების გათვალისწინებით, ისეთების, როგორიცაა: Bluetooth, GPRS და სხვ. ოპერაციული სისტემის ბირთვი მრავალამოცანიანია, მაღალწარმოებადი, ძალზე კომპაქტური და საშუალებას იძლევა, იოლად იქნას გადატანილი პრაქტიკულად ნებისმიერ პლატფორმაზე. Unicaode გარსის საშუალებით შესაძლებელია სისტემის ადაპტირება ნებისმიერ ენასთან. SYMBIAN OS თავსებადია სტანდარტების უმეტესობასთან, როგორებიცაა: GSM/EGSM, GPRS, HSCSD, CDMA. მის შემადგენლობაში შედის სრული კრებული საოფისე, საორგანიზაციო და საკომუნიკაციო პროგრამული უზრუნველყოფისა. კომპიუტერისა და სხვა პროგრამების სამართავად გამოიყენება გრაფიკული ინტერფეისი.
SYMBIAN OS წარმოადგენს მოწინავე, ღია ოპერაციულ სისტემას, რომელიც ლიცენზირებულია მსოფლიოს მობილური აპარატების წამყვანი მწარმოებლების მიერ. იგი შექმნილია იმ სპეციფიკური მოთხოვნების საფუძველზე, რომლებსაც 2G და 3G ტექნოლოგიებზე შექმნილი აპარატები გვკარნახობს. SYMBIAN OS-ში შერწყმულია ინტეგრირებული პროგრამული უზრუნველყოფა და მობილური ტექნოლოგიები, რომლებსაც მოაქვთ მოწინავე საინფორმაციო სერვისი მასობრივ ბაზარზე.
SYMBIAN OS წარმოადგენს მობილური კავშირგაბმულობის ტექნოლოგიათა ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საჭირო ელემენტს. მობილური აპარატების მწარმოებლები, ქსელის ოპერატორები, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი მუშაობენ ინდუსტრიალ სტანდარტზე, რომელიც ფოკუსირებულია სამომხმარებლო ბაზარზე და აკმაყოფილებს თანამედროვე ბაზრის ყველა მოთხოვნას.
SYMBIAN OS ოპერაციული სისტემა, მწარმოებელთა ფართო წრეებში, ლიცენზირების მიზნით იყო შემუშავებული. მწარმოებელს შეიძლება დასჭირდეს მისი ვიზუალური მხარის შეცვლა, მაგრამ შენარჩუნებული უნდა იყოს თავსებადობა არსებულ სისტემებთან. ეს სისტემა ისეა შემუშავებული, რომ საშუალებას იძლევა სტანდარტული EKON გარემო შეიცვალოს სხვა ნებისმიერი გრაფიკული ინტერფეისით. ოპერაციული სისტემის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მობილური აპარატი საშუალებას გვაძლევს შევქმნათ საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა პროგრამირების სხვადასხვა ენაზე, როგორებიცაა: Java, C++ და სხვ.
SYMBIAN-მა ოპერაციული სისტემის ახალი ვერსიის გამოსვლის შესახებ გამოაცხადა " SYMBIAN OS 7.0. მის ხაზგასასმელ უპირატესობას წარმოადგენს 3G ტექნოლოგიის უზრუნველყოფა. ახალი ოპერაციული სისტემის გამოყენება მწარმოებლებს საშუალებას აძლევს თავიანთ პროდუქციაში გამოიყენონ მაღალსიჩქარიანი (150 კბიტი წამში) კავშირი მობილურ ინტერნეტთან.
დღესდღეობით, SYMBIAN OS გამოყენება ისეთ მობილურ აპარატებში როგორებიცაა: NOKIA Communicator 9210, ERRICSON R380 და R380E ყოველდღიურად იზრდება. ამასთანავე გაიზრდება, ინფორმაციის გადაცემის საშუალების მქონე მობილურ აპარატთა რაოდენობაც, და წინასწარი პროგნოზით, 2003 წლისთვის, მთელი ბაზრის 35%-იან მაჩვენებელს მიაღწევს.