დაგორდნენ გაყინულ მამულზედ მამაის ნახვევი ხინკლები...

ამქვეყნად ადამიანი ცოტა ხანსაა, დიდი გზასავალი სამზეოს შემდეგ იწყება. არავინ მეგულება ცოცხალთა შორის, ვისაც სააქაო ცხოვრება ფიქრში მაინც სხვაზე გაეცვალოს... განგება ვის არ შეგახვედრებს, რა თავგადასავლებს აღარ გამოგატარებს, რამდენ დარ-ღრუბლიან სარკმელს გაგიხსნის...
ამ მხრივ, არ მერიდება ამის თქმა, იღბლიან ადამიანთა რიგს ვეკუთვნი: მშველელად და მეგობრად რჩეულთ დამამგზავრებს ხოლმე... სხვას რომ თვალისმოკვრა აქვს ნანატრი, ისეთებთან წლობით მაახლოებს და სულის ნაწილებად გადამიქცევს...
მითივით მსუბუქ საბურველიან ამ ამბავსაც განგებამ გადამყარა, ამის ხმამაღლა გაცხადებისა ახლა აღარ მერიდება. მოკლე სამზეოზე შემახვედრა და დამამეგობრა ვაჟა-ფშაველას შვილთან, გულქან რაზიკაშვილთან. მე მასთან თვეობით ვიწერდი... ვსაუბრობდი, ვეკითხებოდი, ვეფერებოდი.
თითქმის სამი წლის მანძილზე არავინ და აღარაფერი მახსოვდა. თვალ-გული ჩარგლისკენ გამირბოდა. როგორც კი წასვლის საშველი გამიჩნდებოდა გულანაჩქარი გავრბოდი. ბევრი რამ მქონდა შესაკითხი. მისგან მონასმენი ყოველი ბგერა ზეპირად ვიცოდი...
"მენ და მამასა ერთ კალაპოტში გვიდგა ფეხები და ერთნაირად დავბერდითო", " მითხრა საუბრის დასაწყისშივე... სითამამედ მეჩვენა მისი სიტყვები. ბოლოს მივხვდი, რომ იოტისტოლაც არ იყო მის თქმაში ნათამამარ-ნაყალბევისა და ის ნამდვილი მემკვიდრეა თავისი განუმეორებელი მამისა. ამას გულქანის გულიდან ამონაშუქი ყველა ბგერა და წინადადება ადასტურებს.
"მამაზე ამბობენ ეთერო, მსოფლიოში ეგეთი ბუნების მგოსანი არავის ხყავო" " ეჭვნარევი სიამაყით გამენდო ერთხელ...
ფოლკლორისტი გახლავართ და რამდენნაირ ცხოვრებაგამოვლილ მოხუცს აღარ გადავყრივარ საქართველოს მთა-ბარში; როგორი სულის სიმებს აღარ შევხებივარ, მაგრამ პირველად შევხვდი ადამიანს, რომელიც სიკვდილს დასცინოდა, არად აგდებდა. ეს გულქანი იყო...
"არ მაშინებს სიკვდილაი არაა... აი, სიბერე მაშინებსო" " მითხრა.
ვაჟას სახლში დაიბადა გულქანი და მისი წყალობით ვაჟას ვხედავთ, მისი სულის მი-მოხვრას ვესწრებით, მათ ჭერქვეშ ვხვდებით ათასგვარ რიტუალს. იმ წეს-ჩვეულებებს შორის, რასაც გულქანი იხსენებს, ჩემთვის განუმეორებელია ახალი წელი ჩარგალში და გულქანის მეკვლეობა...
გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას ჩემო ძვირად საღირალო ქვეყანავ და უსამანოდ საყვარელო ხალხო... გთხოვთ, ყველამ ერთად გავიხედოთ ვაჟა-ფშაველას კარ-მიდამოსკენ და ვნახოთ, რა ხდებოდა იქ, თითქმის საუკუნის წინ, ამ ბედნიერ დღეებში...

ეთერ თათარაიძე

მეკვლე რო მოვიდოდა, გამომცხვარი იყო ხართგოგაი. მეორე კვერი იყო კიდევა, მეკვლეს კარებში რო მიაგებებდნენ.Mმეკვლე სამჯერ გამააგორებდა კერათაკე. წაღმე თუ დადგებოდა, ოჯახს ყველაში ხელი ემართებოდა იმ წელსა, წაღმა წაზდიოდის საქმე, სამჯერ თუ დადგებოდა წაღმე, ძაან გაუხარდებოდა ოჯახსა...
ბაჩანას ვაჟი, პავლე იყვის ჩვენი მეკვლე. კარგა გვქონდის იმის კვალი დაცდილი...
თავისებურად გენიოსები იყვნენ წინანდელი ხალხი. ნაცარს შინჯავდნენ ახალ წელსა: საქონლის ჩლიქი თუ ეტყობა, საწლეულოდ ჩვენი საქონლის საქმე კარგად წავაო. ახალ წელს ნაცარში ჩაიცქირებოდნენ და მოსავალსაც იქ შინჯავდნენ... ერთხელ ძალუამ მითხრა: "მოდიო, დაჰკვლიე ნაცარშიო". Mმივე და ვნახე - მართლა ეტყობოდა ჩლიქის წვერი... შემოვიდოდა მეკვლე: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთიო, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისიო, მოგცესთ მადლ-ბარაქა ნახნავ-ნათესშიო, ნაყოლ-ნაქონშიო, საქონშიო"...
ახალი წლის წინა ღამეს ლიტანიას ეძახდნენ. ეჰე-ჰე-ჰე!..
მამა მეტყოდა: - აბა, გულქანო, შვილო, ეხლა საღამოზე ფოცხაობააო, თხილ-კაკალი უნდა მომიტანოთ ბლომადა, მე გადმოგიშლით და ილუჭიკენტავეთო. რომენიც აჯობებთ, ორ ბედისკვერას გამოგიცხობთო. თაფლ-ერბოიანი ჯამიც მოვამზადოთ და მერე ხინკალს უნდა შეუდგეთ შვილოო, ახალი წელიაო. ჩემ მოტანილი გარმონი დაუკარ და ათამაშე ბალღებიო...
გადმოგვიშალის მამამა თხილ-კაკალი ბალღებსა...
გარმონი... გარმონი... არ დამაკლებდა გარმონსა!..
- ეგაო იმიტომაო, შვილოო, რო სულ ლხინი და მხიარულება დაგებედებათო.
გაგვრეკდა კალოზედა. ხელში გარმონი და გაიმართებოდა თამაშობა. თავად საწერი ექნებოდა და სუ ავიღებდით იქაურობასა, შინ რას გაგვაჩერებდა!..
- დღეს ერთმანეთს ხელი არ დაჰკრათ, თორო ჩხუბი დაგებედებათო.
მეზობლის ბალღები სუ ჩვენთან მაიხვეტებოდნენ, გულქანს გარმონი აქვო...
სუ ეგრე დავბერდი... ვჩხაოდით წარა-უგონთა:

ჩვენის ბატონის კარზედა
ხე ალვად ამოსულაო
წვერში დასხმია ყურძენიო,
საჭმელად შამოსულაო,
ჩამასჩვევიან ქალები,
ქალები ბაგრატისაო...

უფრო ხშირად ის ვიცოდი... რა მიყვარდა?

- ბიჭო, შენ გახარებასაო,
ძაღლებს არ დამაგლეჯინოო.
- მაინც არ გაგაშვებინებ,
რო გგლეჯდენ, პირშიც ეჭიროო...
კიდევ ამას ვმღეროდით ახალწლის ღამესა ქალები:

- რა ხარ, რა დაიარები,
ლაღო, მა ლაღის ცხენითაო,
თავს რად არ შამაიბრუნებ,
ყანას რად მამკევ ცრემლითაო.
- აის არ ხარა, ქალაო,
გუშინ რო მედიდებოდიო,
ისე გაგიხდი საქმესაო,
ნემსს ყუნწად ეეგებოდეო.

ვირევი მენაცა, ვირევი...
ყიდულაანთ ბზაკაის ქალის (ხოშია ექვივნა, ბზაკას ეძახდნენ) შვილი ნინაი მოვიდოდა: "ვაიმე, გოგოო, შენი კვალი დავცადეთ კარგაო, გადმაიაროდე დილასაო".
მამაჩემი არსად არა მგზავნიდა...
"ჩემო ბიძაო, - ეხვეწა - გამოგზავნე, ჩემო ლუკაო, ემაგ ქალაის კვალი დავცადეთ კარგაო..."
დაიცადე, როგო გადავიარე, იმასაც გიამბობ.
მეორე დილისთვი გამამზადა მამამა. ერთი დიდი ჯამი ჰქონდის კაკლისა, მხვივნურაი, ის გამივსო ხინკლითა. არ ვიცი, თხუთმეტი ჩადიოდა... ახლა როგორი ხინკალი იცოდის მამამა! ეს პილპილიო, ეს მწვანილიო.
პოხილი უნდა გადმოდენილიყო... კამფეტებიც მამცა, ჯიბეებიც გამივსო, ღვინოც გამატანა ბოთლითა...
ეს მშიერა მგლისაი, რა დღეში ჩამაგდო იმათ ძაღლმა!..
სახლთავში რო გადავჩნდი, დაუწყე ძახილი: "ნინოო!"
გამამივარდა ძაღლი. ჯერ ღვინიანი ბოთლა ვესროლე. ვერც მოვარტყი ი ბოთლა ტიალი!.. მემრე ხინკლიანი ჯამი ვესროლე. ი მგლის გასაგლეჯმა არც კი მიხედა ხინკლებსა... დაგორდნენ გაყინულ მამულზედ მამაის ნახვევი ხინკლები...
სუ მგლის შესაჭმელი ძაღლები ჰყვანდის იმათა...
გამოვარდა ნინაი: "ვაიმე, დაო, ვაიმე, დაო, ხო არ მოგწვდაო?!"
არა, დაო, არაო, რას მამწვდებოდა, ხელ-ფეხს ვიქნევდიო...
"დიდი გიმატებია, დიდი გიმატოს ღმერთმა. ახალმა წელმა, ახლის წლის გამოცვლამაო..."
ვკოცნიდით ერთმანეთსა, რა ვიცი, ვმასხარაობდით...
გამივსო ბზაკამა ხინკლითა მამაის ხვივნურაი. წავედი შინა კაი კვლის მეკვლეი...