გადაწყვეტილებას მე ვიღებ!

ო, დასავლეთი დასავლეთია,
აღმოსავლეთი სხვაა ხნიერი!
დარჩება ასე, მიწას და ზეცას,
არ განიკითხავს ვიდრე ციერი.
მაგრამ რას ნიშნავს ჯიში და მოდგმა
რაა მამული, სისხლი, იერი,
როცა პირისპირ, როცა პირისპირ,
ძლიერს პირისპირ ხვდება ძლიერი!

რედიარდ კიპლინგი

პარლამენტის დარბაზში საშინელი აურზაური და აყალმაყალია " ყვირილი, გაწევ-გამოწევა, ლანძღვა, გინება.
ამ აყალმაყალში მხოლოდ ერთი კაცი ზის ჩუმად, სახით დაყრდნობია მარჯვენა ხელს და გონების თვალით სადღაც, დარბაზის მიღმა იყურება. მას არ აღელვებს დარბაზის გუგუნი. იგი ხვალინდელ, ზეგინდელ დღეს ხედავს: ქვეყანას ხელისუფლება სჭირდება, არჩეული, კანონიერი; ქვეყანას კონსტიტუცია სჭირდება " კანონგარეშე არსებობას ბოლო უნდა მოეღოს; ომები და დაპირისპირება უნდა დამთავრდეს. სხვაგვარად არავინ დაგელაპარაკება, არავინ ეცდება შენი სატკივარისა თუ ინტერესების გაზიარებას. ქვეყანამ იზოლაცია უნდა დაძლიოს. ყველაფერ ამისთვის მშვიდად ამოსუნთქვა, დაწყნარება და მუშაობაა აუცილებელი, მაგრამ ამის საშუალებას არ იძლევა გუშინდელი "უფროსი ძმა". ზეწოლისა და შანტაჟის არსენალიც ამოუწურავი აქვს. ამიტომ, დროის მოსაგებად, ამოსუნთქვისთვის, ჩათრევას ჩაყოლა სჯობს. გადაწყვეტილება მიღებულია " საქართველო "ესენგეს" წევრი ხდება...
ედუარდ შევარდნაძე მჭმუნვარედ გასცქერის სივრცეს " საქართველომ ეს-ესაა უმძიმესი ნაბიჯი გადადგა, თითქოს უკან დაიხია, მაგრამ მან იცის, როგორ გამოიყენებს ქვეყანა ამით მოგებულ დროს. სამწუხაროდ, ამ აურზაურში ჩაფლულ დარბაზში ბევრს ეს არ ესმის. ამიტომ თანამებრძოლთა, თანამოაზრეთა სიმრავლეც ძნელად სავარაუდოა.
1994 წლის გაზაფხულის პირველი დღე იწურება. საქართველოს ისტორიაში სრულიად ახალი ერა იწყება.
გარეგნულად რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჩანდეს, საკმარისია ოდნავ ჩაღრმავება და ცხადი გახდება, რომ საქართველომ სწორედ დსთ-ში გაწევრიანების შემდეგ დაიწყო სწრაფი და შეუქცევადი მოძრაობა თანამედროვე დასავლური დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებებისაკენ. უმოკლეს დროში შეძლო ქვეყანამ იზოლაციისა და პროვინციალიზმის წყვდიადის გაფანტვა. რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებასა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე, უკვე 1995 წლის ბოლოდან იწყება ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა და 1997 წელს საქართველო, ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყნებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ ითვლება.

* * *
მაგრამ ეს თავისთავად არ მოსულა. 1994 წლის მარტის იმ საღამოს ედუარდ შევარდნაძე კარგად ხედავდა მთელ სიმძიმესა და დრამატიზმს გზისა, რომელიც ქვეყანასთან, ხალხთან ერთად უნდა გაევლო. ხედავდა ტვირთს, რომელიც მხოლოდ მისი სატარებელი იქნებოდა, რადგან მაშინდელ საქართველოში ხელის შემშველებელიც კი სანთლით საძებარი იყო. მაგრამ იგი მზად იყო ეტვირთა სიმძიმე და გაევლო ეს გზა.
რის იმედად?
დამარცხებულ, გაძარცვულ და გაპარტახებულ ქვეყანაში ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლებოდა ჰქონოდა, ხალხის ნდობა იყო.
...სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ერთხელ უღალატა სიმტკიცემ, აღელვებულმა გადაწყვიტა, მიეტოვებინა ყველაფერი, მაგრამ ხალხი აღუდგა წინ და სთხოვა დარჩენა. ხალხის თანადგომისაც უთუოდ მაშინ ირწმუნა.

* * *
გზის დასაწყისში ეჭვი და ფიქრში გატეხილი ღამეებიც აუცილებლად იქნებოდა, მაგრამ ეს არ უნდა ყოფილიყო შიში იმისა " შევძლებ ან ღირს თუ არა. ასეთი შიში არც შეიძლება ჰქონოდა ადამიანს, რომელმაც 1978 წლის 14 აპრილს უყოყმანოდ შეაგდო სასწორზე ყველაფერ რაც გააჩნდა და ხალხის გვერდით დადგა მშობლიური ენის გადასარჩენად; კაცს, რომელმაც თვალიც არ დაახამხამა, ისე გადაეშვა აბობოქრებულ გულშემატკივართა ბრბოში დიდი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად (1978 წლის ივნისში, "დინამოს" სტადიონზე); მსოფლიოს ერთი მეექვსედის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დიქტატურის მოახლოება იწინასწარმეტყველა და დემონსტრაციულად განახორციელა საბჭოეთისთვის წარმოუდგენელი აქტი " გადადგა თანამდებობიდან. მისთვის უცხო არ იყო არც ბარიკადებზე და არც ფრონტის წინა ხაზზე დგომა.
ამიტომ შიში და ეჭვი იყო მხოლოდ ერთისა - დამაცდიან? მომცემენ საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალებას?

* * *
ედუარდ შევარდნაძემ ჯერ კიდევ 1990 წელს, სსრკ-ს საგარეო მინისტრობისას, ვლადივოსტოკში, საერთაშორისო კონფერენციაზე " "აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები: დიალოგი, მშვიდობა, თანამშრომლობა" " წამოაყენა დიდი აბრეშუმის გზის აღორძინების იდეა. და მაშინ, როგორც შემდგომ იტყვის წიგნში "აბრეშუმის გზა", უზარმაზარი იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრს თვალწინ "პატარა სამშობლო" " საქართველო " ედგა.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოში ერთობ პრობლემური აღმოჩნდა იმ სამინისტროების ჩამოყალიბება, რომლებიც თავის დროზე ცენტრალიზებული დაქვემდებარების ქვეშ იმყოფებოდნენ. მათ შორის იყო ტრანსპორტის სამინისტროც. როდესაც ქართველმა სპეციალისტებმა მოსკოვიდან დოკუმენტაცია გამოითხოვეს, ყოფილი საკავშირო ტრანსპორტის სამინისტროდან ასე უპასუხეს: ტყუილად ირჯებით და თავს იცხელებთ, რაც მოხდა " ეს დამოუკიდებლობანას თამაში, დროებითია, მალე ყველაფერი ძველებურად აღდგება და თავის ადგილზე დაბრუნდებაო. მიუხედავად ასეთი "ნათელი მომავლისა", საქართველოს ტრანსპორტის მაშინდელმა მესვეურებმა გზების ძიება გააგრძელეს და თხოვნით მიმართეს იმ დროს მოსკოვში მცხოვრებ ედუარდ შევარდნაძეს " უცხოელებთან დაგვაკავშირეთ, იქნებ ისინი დაგვეხმარონ სამინისტროს სტრუქტურის ჩამოყალიბებაშიო.
" ეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საქმეა, ჩვენ დღესვე უნდა დავიწყოთ ფიქრი აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის სიმდიდრეთა ევროპისკენ ტრანსპორტირებაზე, " უთქვამს მაშინ ედუარდ შევარდნაძეს.
უკვე 1995 წელს, საქართველოს პრეზიდენტის დიდ ბრიტანეთში სტუმრობის შემდეგ, საქართველოში ძალზე გახშირდა მსოფლიოს უდიდესი ნავთობკომპანიების წარმომადგენელთა ვიზიტები. პრესა წერდა ინგლისის სამეფო კარზე ედუარდ შევარდნაძისთვის მოწყობილ პომპეზურ დახვედრაზე, ლორდთა პალატაში და უმაღლეს სასწავლებლებში შეხვედრებზე და გამოსვლებზე. ეს, რასაკვირველია, ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, მაგრამ მთავარი მიზანი მაინც ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებთან საქმიანი მოლაპარაკებები გახლდათ, რის შესახებაც მწირი ინფორმაცია მოდიოდა - საკითხის კონფიდენციალობის გამო. როგორც შემდგომში გაირკვა, ამ ვიზიტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა აზერბაიჯანის ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტის განსაზღვრისათვის. ახლა ძნელია იმის თქმა, რა არგუმენტებით, ლოგიკის რა ძალით შეძლო საქართველოს პრეზიდენტმა ნავთობის გიგანტების გადარწმუნება და საქართველოს სასარგებლოდ ვითარების 180 გრადუსით შემობრუნება, მაგრამ ფაქტია, რომ რეალობად იქცა ბაქო-სუფსის ნავთობსადენი და დაიწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სამმილიარდიანი პროექტის რეალიზება. რაც მთავარია, საქართველომ მსოფლიოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ რუკაზე სრულიად კონკრეტული ფუნქცია შეიძინა და უაღრესად გაიზარდა მისი უსაფრთხოების გარანტიები.
თუნდაც მაშინ, 1990 წელს, ვლადივოსტოკში, შევარდნაძეს ასეთი პროგნოზი ხმამაღლა რომ ეთქვა, მას არასერიოზულ ადამიანად ჩათვლიდნენ, არადა იგი სრულიად ცხადად ხედავდა ამ მომავალს; ამიტომაც ჩაუყარა საფუძველი გლობალიზაციის ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს პროექტს - დიდი აბრეშუმის გზის აღორძინებას.

* * *
ამბობენ, ძველ ჩინეთში თუკი ადამიანის დაწყევლა უნდოდათ, მას დიდი ცვლილებების დროში ცხოვრებას უსურვებდნენო. მართლაც, რთულია თავის გადარჩენა მაშინ, როცა გარდაქმნათა გრიგალი ერთიანად ანგრევს ღირებულებათა ჩამოყალიბებულ სისტემას და უპირობოდ ამკვიდრებს ახალს, ხშირად - ძველის საპირისპიროს. იმსხვრევა უამრავი პიროვნების შინაგანი სამყარო, ირღვევა კეთილისა და ბოროტის შეფასების კრიტერიუმები, ტყუილი მართლობს, მტერი მოყვრობს და არც ისაა მოულოდნელი, თუ მოყვარე მტრად მოგეკიდა.
მართლაც, ერთობ ძნელია გარდაქმნათა ეპოქაში ცხოვრება, მაგრამ ასმაგად უფრო მძიმეა ამ ეპოქის შემოქმედთა ხვედრი. როგორც წესი, თანამედროვეთ არ ესმით მათი, ებრძვიან, ლანძღავენ, კლავენ და თუ ამ წესიდან გამონაკლისი არსებობს, ეს მხოლოდ კანონზომიერებას უსვამს ხაზს. და მხოლოდ შთამომავლობა, ხშირად ასწლეულების შემდეგ, თვალნათლივ ხედავს, თუ რაოდენ დიდი ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც თავის დროზე გაარღვია კონფორმიზმის კედლები და აღმა ცურვა გაბედა - მომავლისათვის, ისევ მათი გადარჩენისთვის, ვინც ეწინააღმდეგებოდა.
ედუარდ შევარდნაძემ ესეც მშვენივრად უწყოდა.
გრძნობდა, რომ უმძიმეს გზაზე მას ყოველ ფეხის ნაბიჯზე გადაეღობებოდნენ შუღლი და მუხანათობა, გაუტანლობა და მზაკვრობა, უვიცობა და საღი აზრის შეუწყნარებლობა. ალბათ, იცოდა, რომ მის მოკვლასაც შეეცდებოდნენ, მაგრამ...
სწორედ ახლა, როგორც არასდროს, ისე სჭირდებოდა იგი სამშობლოს.

* * *
პირველი ტერაქტის შემდეგ, მიუხედავად ამ მოვლენის მთელი დრამატიზმისა (ტერაქტი განხორციელდა საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიღებამდე რამდენიმე წუთით ადრე და თურქეთის სახელმწიფო დელეგაციის უმნიშვნელოვანესი ვიზიტის წინა დღეს), ცხადი გახდა, რომ ქვეყანა სწორი გეზით მიემართებოდა მომავლისაკენ, საიდანაც დიქტატურისა და კოლონიალიზმის ჭაობიანი ტრამალებისკენ უკანდასაბრუნებელი გზა აღარ არსებობდა. ამ ჭაობის მბრძანებლებსა და მათ მოციქულებს საქართველოს შეჩერების სხვა საშუალება რომ აღარ დარჩათ, წინამძღოლის ჩამოცილება სცადეს. მათ ეს ოთხი წლის შემდეგაც მოინდომეს, როდესაც საქართველომ გაბედა და სრულიად კონკრეტულ, ძალზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ფუნქციაზე გააკეთა განაცხადი.
ჩემს გადარჩენაში ღმერთის ხელი ურევიაო - იტყვის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვით აფეთქებული მანქანიდან გამოხსნილი ედუარდ შევარდნაძე. მართლაც ღმერთმა დაიფარა საქართველო, რადგან იმის წარმოდგენაც კი საშინელია, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ან ერთ, ან მეორე შემთხვევაში, საქართველოს მტერთა ზრახვების განხორციელებას. ღვთის მადლი იყო ისიც, რომ არშემდრკალა საქართველოს პრეზიდენტი და წამითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ "მამულისა ჩვეულებისაებრ სლვა".

* * *
საქართველო, ტანჯული და შეჭირვებული, ისევ ჯიუტად ადგას არჩეულ გზას.
სავალი ისევ ქვაღორღითაა მოფენილი. არც მტერი გადაშენებულა და არც მლანძღავ-განმქიქებელს მიუტოვებია თავის ხელობა. ბევრი შემოეცალა ამ გზაზე ედუარდ შევარდნაძეს - ზოგს ძალა არ ეყო, ზოგს რწმენა.
"შევარდნაძის მდგომარეობა რეჟისორის ბედს მაგონებს, რომელიც სპექტაკლს დგამს. რეპეტიციაზე შემოდის მსახიობი, მან ჯერ არ იცის საბოლოო ჩანაფიქრი და მაინც ეწინააღმდეგება რეჟისორს, ებრძვის, არ ენდობა, იწუნებს ყველაფერს, მაგრამ რეჟისორს ჰყოფნის ნერვები, მოთმინება, ბოლომდე მიჰყვეს ჩანაფიქრს", - ეს რობერტ სტურუას სიტყვებია.
მოთმინების ძალა მართლაც დიდი აქვს საქართველოს პრეზიდენტს. და ამ ძალის საიდუმლო ერთობ მარტივია: უნდობლობაზე და მტრობაზე არც ღირს დაყოვნება მაშინ, როცა მიზანი ჭეშმარიტია, წინამძღოლი კი ამ მიზნისკენ მართალი გზით, შინაურ თუ გარეულ ოპონენტებთან დიდი ბრძოლის ფასად, მიუძღვება ქვეყანას.

* * *
ისევ აურზაური და აყალმაყალი - ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საუკუნის პროექტი ჩაშლის პირასაა, მაგრამ ედუარდ შევარდნაძის შორსმჭვრეტელი გონების თვალი კვლავ ყველაზე შორს და უკეთ ხედავს. "გადაწყვეტილებას მე ვიღებ!" - პრეზიდენტი ისევ შეუვალია, კვლავ არ ღალატობს არჩეულ გზას. საქართველო ისტორიის ახალ მიჯნასთან დგას.

P.S.
კომპანია მაგთი GSM, ნეოსტუდია და ჟურნალი "მუდმივი კავშირის სამყარო" ულოცავს საქართველოს პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს, დაბადების 75 წლისთავს, უსურვებს ჯანმრთელობასა და ულევ ბედნიერებას ჩვენი პატარა ქვეყნის, საქართველოს საკეთილდღეოდ.