პატარა მწყემსის სალამური

2002 წლის ზაფხულში ტელევიზიით გადაიცა
სიუჟეტი ანსამბლ "Soft Eject"-ზე. მაყურებელმა
შეიტყო, რომ ანსამბლმა ააჟღერა სამთავროს
სამაროვანზე 64 წლის წინ აღმოჩენილი, სამი ათას
სამასი წლის წინანდელი მუსიკალური
ინსტრუმენტი...
თაობათა შორის დამყარებულმა საოცარმა
მუდმივი კავშირის სამყარომ გადაგვაწყვეტინა
წერილის გამოქვეყნება...

1937 წელს, აკადემიკოსების ივანე ჯავახიშვილისა და სიმონ ჯანაშიას ხელმძღვანელობით, დაიწყო არქეოლოგიური გათხრები მცხეთის რაიონში. არქეოლოგებმა 1938-48 წლებში 18 ჰექტარზე განფენილი, მცხეთის ჩრდილოეთით მდებარე გარეუბან სამთავროს მრავალსართულიანი სამაროვანი გათხარეს. ექსპედიციამ სხვადასხვა დროის ორი ათასზე მეტი სამარხი აღმოაჩინა.
1938-48 წლებში, სამთავროს სამაროვანზე გათხრილ ბრინჯაოს ხანის ფენაში აღმოჩენილი, 64 თავის ქალა ანთროპოლოგებმა ევროპოიდული რასის ხმელთაშუა ზღვის განშტოებას მიაკუთვნეს. აღმოჩენილი მასალა მოწმობს, რომ ძვ. წ. აღ. II ათასწლეულში ანუ შუა და გვიან ბრინჯაოს ხანაში, სამთავროს მიდამოებში მცხოვრები ჩვენი წინაპრები მისდევდნენ მესაქონლეობას, მეცხენეობას, მეთუნეობას, მეტალურგიას. სამარხების გარშემო არსებული ქვების წრიული განლაგება, არქეოლოგების ვარაუდით, მზის კულტის არსებობას ადასტურებს. ბავშვების სამარხებში, ჩვეულებრივ ჭურჭელთან ერთად, გვხვდება მინიატურული ქვევრები და სათამაშო კარაქის სადღვებელებიც კი. ქალთა სამარხებში მრავლად არის სხვადასხვა სამკაული: ანთიმონის, სარდიონისა და პასტის მძივები, სამაჯურები, ბრინჯაოს საწვივე რგოლები და სხვ.
1938 წელს სამაროვანის ჩრდილოეთ უბანზე გათხრილ ერთ-ერთ სამარხს არქეოლოგებმა "პატარა მწყემსის საფლავი" უწოდეს, რადგან, მარჯვენა გვერდზე დასვენებული მოზარდი ადამიანის ჩონჩხთან და სხვადასხვა ნივთებთან ერთად, აღმოჩნდა გედის ლულოვანი ძვლისგან ნაკეთი უენო სალამურიც. არქეოლოგებს გაჰკვირვებიათ სალამურზე სატუჩის არარსებობა და ჩაუთვლიათ, რომ საკრავს, შესაძლებელია, ხის "ყამიში" ჰქონოდა, რომელიც, დროთა განმავლობაში, მიწაში გაქრა. მაშინ, სამაროვანზე მომუშავე ერთ-ერთ მუშას, რომელიც ამ კამათს შესწრებია, სალამური აუღია და აუხმოვანებია...

ჩვენ შევხვდით ანსამბლ "Soft Eject"-ის ყოფილ წევრს, მუსიკალური ფოლკლორის მკვლევარს ბატონ გია ქარჩხაძეს და ვთხოვეთ მოეთხრო ამ უნიკალური საკრავის შესახებ:
რამდენიმე წლის წინ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდთან ერთად, გადაწყდა ქართული ხალხური ინსტრუმენტების კატალოგის შედგენა. სამუშაო ორ ეტაპად შესრულდა: პირველზე აღინუსხა ყველა ხალხური საკრავი, რომელზედაც დღეს უკრავენ. პროექტი ედიშერ გარაყანიძესთან ერთად სრულდებოდა, მაგრამ, ცნობილი ფოლკლორისტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, დროებით შეჩერდა და, გარკვეული დროის შემდეგ, ანჩისხატის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელთან, ხალხური მუსიკის მკვლევარ მალხაზ ერქვანიძესთან ერთად, განახლდა. საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოიყვანეს ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრის ოსტატები, ვისაც კი მიაკვლიეს. აღიწერა 16 ინსტრუმენტი. ერთადერთი ლარჭემ-სოინარზე დამკვრელი ვერ მოიძიეს. ეს ეტაპი ორი წელი გაგრძელდა.
მეორე ეტაპი მოპოვებული მასალის გამოსაცემად მომზადებას და საბაზრო სახის მიცემას დაეთმო.
ბატონი გია იხსენებს: გამახსენდა, რომ არსებობს ძველისძველი ინსტრუმენტი, ძვლის სალამური. გადავწყვიტეთ გვენახა და შეგვეტანა კატალოგში, როგორც უძველესი ქართული ხალხური საკრავი. თუმცა, ჩემი აზრით, ტერმინი ხალხური, ამ საკრავისათვის პირობითიც შეიძლება იყოს. შესაძლებელია სარიტუალო ან რაღაც სხვა დანიშნულებისადაც ჩავთვალოთ. ეს ჯერჯერობით საკვლევი თემაა. ამ მიზნით მივედით ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ანსამბლ "Soft Eject"-ის ფლეიტისტ სანდრო ნიკოლაძესთან ერთად. სანდრო უნიჭიერესი ადამიანია, იგი ყველა ინსტრუმენტს ფლობს, ყველაფერს ხმას აღებინებს, მაგრამ მასაც კი, ასეთ ოსტატს, ძალიან გაუჭირდა და ნახევარი საათი დასჭირდა, ამ უძველესი საკრავის ასახმოვანებლად (სხვადასხვა დროს ამ საკრავზე დაუკრავთ ბატონებს: გრიგოლ ჩხიკვაძეს, გია ჭელიძესა და ომარ კელაპტრიშვილს). როდესაც მუსიკოსმა საკრავი ააჟღერა, მოგვესმა სრულიად არაშემთხვევითი ნოტები. გაოცებულები ყურს არ ვუჯერებდით, მართლა შოკის მომგვრელი იყო ეს ყველაფერი. ნინო მაისურაძე ბროშურაში - "ქართული ხალხური მუსიკის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ასპექტები" - ასეთ თვალსაზრისს გამოთქვამს: "ქართული არქიჰანგი ანუ მუსიკალური ფუძე ენა, შედგება კვარტის დიაპაზონის დაღმავალი ინტონაციისაგან, ეს ის ძირითადი ფუძეა, საიდანაც ქართული ჰანგი ვითარდება". თითქოს ამის დასტურად, მუზეუმის კედლებში, სანდრო ნიკოლაძის მიერ სალამურზე შესრულებული უძველესი ფშაური ჰანგი "ესტი-ესტი" აჟღერდა.
ხალხური წყობები გვიან შუასაუკუნეების ბახისეულ ტემპერაციას (ტემპერატიო ლათინურად სწორი შეფარდება, თანაშეზომილობაა) არ ემთხვევა. ამ ტემპერაციამდე სხვადასხვა წყობა არსებობდა. თანამედროვე ტემპერაციის პრინციპები ძველმა ბერძენმა მეცნიერმა პითაგორამ შეიმუშავა. ვინაიდან საკრავი ძალზედ ჰარმონიულად ჟღერს, გაზომვისას მაინტერესებდა, დაემთხვეოდა თუ არა ჩვენი სალამურის წყობა ჰერცებზე პითაგორას წყობას. აღმოჩნდა, რომ იგი პითაგორასეულს არ ემთხვევა, ეს კიდევ რაღაც სხვა, პითაგორამდელი წყობაა. სალამური ხომ შვიდი-რვა საუკუნით უფრო ძველია, ვიდრე ძველი ელინის აღმოჩენა. ამ ჰარმონიას რაღაც, ჯერჯერობით ამოუხსნელი ფორმულა, უნდა ედოს საფუძვლად. გარდა ამისა ამ ინსტრუმენტს აღმოაჩნდა კიდევ ერთი უცნაურობა, კერძოდ, დახრის კუთხის მონაცვლეობით ეცვლება ტონი, რაც შემთხვევითი არ არის!

P.S.

სამწუხაროდ, ის უაღრესად საინტერესო და უცნობი საკითხები, რომელიც არქაულ სალამურს, ზოგადად, ქართული ხალხური მუსიკის ფესვებს და მის კავშირებს ეხება დღეისათვის ფართო საზოგადოებისთვის უცნობია და ამ პატარა წერილში ვერ დავატიეთ. მაგრამ, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მოკრძალებული წერილი დააფიქრებს და გულისხმაში ჩააგდებს ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს, რათა დახმარება აღმოუჩინონ უნიკალურ ქართულ ფოლკლორს, ქართულ პოლიფონიას, რომელიც ახალი აღმოჩენების მიჯნაზე დგას.
დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის დირექციასა და თანამშრომლებს გაწეული უანგარო დახმარებისათვის.