ბიბლიური პატიოსანი თვლები
და მათი მისტიკურ-სამკურნალო
თვისებები

ა მ ე თ ვ ი ს ტ ო
(Amethystus)

ძვირფასი ქვა ამეთვისტო ბიბლიური პატრიარქის " იაკობის IX ძეს " იზაქარს შეესაბამება და პირველმღვდელმთავარ აარონის შესამოსელის შემამკობელ თვალთა მესამე რიგს ასრულებს. მისი მინერალოგიური დახასიათება ასეთია: იგი არის კვარცის იისფერი ან იასამნისფერი სახეობა. ამეთვისტოს რეალური ტონი მზის სინათლეზე იკვეთება. ე.წ. "აღმოსავლური ამეთვისტო" არის იისფერი კორუნდი და იისფერი შპინელიც კი. ტრადიციული განმარტებით, ამ ქვის სახელწოდება ნიშნავს "დათრობის საწინააღმდეგოს", "უთრობს". ანტიკურ ეპოქაში გავრცელებული იყო აზრი, რომ ადამიანი, რომელიც ამ ქვას ატარებს, არ თვრება და არა აქვს ბოროტი ზრახვები. ამიტომ ამეთვისტოებით ხშირად ღვინის სასმისებს ამკობდნენ. ითვლებოდა, რომ იგი აქრობს ნაოჭებს, თუმცა მას დროდადრო იკიდებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ყოველდღიური ტარებით ამეთვისტოს ძალა კლებულობს.
ამ იისფერი ქვით ხშირად რთავდნენ ქრისტიანულ საეკლესიო ნივთებს, ხოლო ამეთვისტოსთვლიან ბეჭდებს კათოლიკე სასულიერო პირები ატარებენ.
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ვრცელდება აზრი, რომ ამეთვისტოს ტარების ღირსნი ძალიან მაღალი სულიერების მქონე ადამიანები არიან. მას შემდეგაც კი, რაც ისინი ტოვებენ ამქვეყნიურ ცხოვრებას, მათი სულის ძალას კუთვნილი ამეთვისტო მაინც ინარჩუნებს და შეიწოვს სხვა ადამიანების დისჰარმონიულ ენერგიას.
ამეთვისტო თევზების ეტლის
(19 თებერვალი " 20 მარტი) ძირითადი ქვაა, ხოლო ამ ზოდიაქოს მოციქულია სიმეონი. სხვა ძვირფასი თვლების მსგავსად, იგი, უპირველეს ყოვლისა, მფლობელს იცავს ავი თვალისგან, ადამიანს კურნავს ალკოჰოლიზმისგან, ეპილეფსიისგან, ნიკრისის ქარისგან, უნაყოფობისგან, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ქალურ დაავადებებზე და ა.შ. (ზ. ქოქრაშვილი).

ძ ო წ ე უ ლ ი
(Chrysolithus)

წმ. ეპიფანე კვიპრელის მიხედვით, ძოწეული ქრიზოლითისა და კარქედონის ოჯახის ქვაა. ძველ ქართულ სიტყვათხმარებაში ძოწი იგივე მარჯანია, რასაც ადასტურებს სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიც (XVIII ს.). ამ ქვის ფერებია წითელი, მეწამული და ბროწეულის ყვავილისფერი.
აარონის შესამოსელის X ქვა, ეპიფანე კვიპრელისეული ძოწეული, ქრიზოლითია და იგი შეესატყვისება იაკობის X ძეს " ზაბილონს. შუა საუკუნეებში მიიჩნევდნენ, რომ ქრიზოლითი განდევნის დემონებს, მფლობელს ანიჭებს მშვიდ ძილს, გარშემომყოფთა სიმპათიებს, წარმატებებს საქმეში, აძლიერებს ადამიანის სულიერ ძალებსა და წინასწარგანჭვრეტის უნარს. ფხვნილად გახსნილი ქრიზოლითი ითვლება კუჭის ტკივილის წამლად.
თანამედროვე მინერალოგიით, ქრიზოლითი ოქროსფერ-მწვანე, ზეთისხილისფერი ძვირფასი თვალია. იუველირები ქრიზოლითს ხშირად "საღამოს ზურმუხტად" მოიხსენიებენ.
ქრიზოლითი სასწორის ეტლის (23 სექტემბერი " 22 ოქტომბერი) ძირითადი ქვაა. სასწორის ეტლის მოციქული კი, როგორც ზ. ქოქრაშვილი შენიშნავს, პეტრე მოციქულია. ქრიზოლითი მფლობელს იცავს ავი თვალისაგან, კურნავს ენაბლუობას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიტს, თვალის დაავადებებს, რგებს ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემებს, წმენდს ორგანიზმს, ამახვილებს მხედველობას და ა.შ.

ბივრილი
(Beryllus)

იაკობის XI ძის " იოსების შესატყვისი ძვირფასი თვალის " ბივრილის ოჯახში შედის ზურმუხტი (სმარაგდი) და ღრმა ცისფერ-მწვანე ფერის ქვა აქვამარინი. ბივრილი ნათელშეფერილობის მწვანე თვალია, თუმცა არსებობს ყვითელი ფერის ბივრილებიც, რომლებიც აღმოაჩინეს აფრიკის სამხრეთით და მათ აღსანიშნავად ხმარობენ სიტყვა "ჰელიოდორს" (მზის საჩუქარი).
პლინიუს უფროსი ბივრილის ოჯახის ქვებზე წერს, რომ ისინი მზერას მეტისმეტად არ ტვირთავენ. მაშინაც კი, როდესაც ადამიანის თვალები გადაღლილია სხვა საგანთა მზერით, ამ ქვების ჭვრეტა ასვენებს მათ. აღმოსავლეთში სწამდათ, რომ ბივრილის ოჯახის თვლები აბრმავებენ გველს.
ბივრილი გამოიყენებოდა შუა საუკუნეების მედიცინაში: მას გლისავდნენ ფხვნილში, ამზადებდნენ მალამოს და მკურნალობდნენ თვალის სნეულებებს, კეთრს და ძველ ჭრილობებს. ყვითელი ან მომწვანო ფერის ბივრილებს მოგზაურები ატარებდნენ. ამ ქვის მისტიკური თვისებებიდან გამოყოფენ მის კავშირს აზროვნების პროცესთან. ითვლებოდა, რომ იგი ეხმარება სწავლულებსა და ფილოსოფოსებს.
წმ. ეპიფანე კვიპრელის თანახმად, ბივრილი სამეფო გვირგვინებისა და დიდგვაროვან, ზეპურ დედათა შემამკობელი თვალია. "წმ. ნინოს ცხოვრებაში" (IV ს.) ვკითხულობთ, რომ როდესაც საქართველოს განმანათლებელმა წმ. ნინომ ლოცვით წარმართული არმაზის კერპი დაამხო, მას თვალიდან გადმოუვარდა სწორედ ეს პატიოსანი ქვა. ევროპული ლეგენდის თანახმად, ლუციფერსაც დაცემისას გადმოუვარდა სმარაგდ-ბივრილის თვალი, რომლისგანაც ანგელოზებმა გრაალის თასი შექმნეს. ასე რომ, ბივრილ-სმარაგდი ქრისტიანობამდელი ჭეშმარიტების მარცვალზე მიანიშნებს.
ბიბლიის თანახმად, ბივრილი ღრიანკალის ეტლის (23 ოქტომბერი " 21 ნოემბერი) ძირითადი ქვაა, ხოლო ქრისტეს 12 მოწაფე-მოციქულთაგან ღრიანკალის ზოდიაქოს მოციქულია პავლე (ზ. ქოქრაშვილი).
ბივრილის ვერცხლთან ერთად პირის ღრუში ჩადება ამაგრებს კბილებს, აწესრიგებს ნერვულ სისტემას და გულისცემას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და ა.შ.

ფ რ ც ხ ი ლ ი
(Onychinus Lapis)

ონიქსით ანუ ფრცხილით მთავრდება აარონის შესამოსელის ძვირფასი თვლები. ეს ქვა წითელი ფერისაა. მას სამშვენისად იყენებენ დიდგვაროვანი ბანოვანები, ხოლო ხელმწიფენი და მდიდარნი მისგან სასმისს აკეთებინებენ. არსებობს თაფლისფერი ტონალობის ფრცხილებიც.
წმ. ეპიფანესავე განმარტებით, ამ ქვას იმიტომ ეწოდება "ფრცხილი", რომ ადამიანის ფრცხილი, ფრჩხილი მსგავსია მარმარილოსი, ხოლო სისხლი მას მომწითურო ტონალობას ანიჭებს.
ძველ აღთქმაში "ონიქსად" მოხსენიებულ ქვას ახალ აღთქმაში, კერძოდ, აპოკალიფსში "სარდონიკი", სარდონიქსი შეესაბამება, რომელიც, ა. ფერსმანის განმარტებით, მრავალფეროვანი ქალცედონის " აქატის ოჯახში შედის. თანამედროვე მინერალოგიაში ონიქსი წაბლისფერ-წითელი ან წაბლისფერთან შეხამებული თეთრი ფერის ქვაა. რაც შეეხება სარდონიქსს, ონიქსის აპოკალიფსისეულ შესაბამის ქვას, იგი მოწაბლისფრო-ყავისფერი ზოლიანი ქვაა. სწორედ მოყავისფრო-წითელზოლიან ონიქსს უწოდებენ სარდონიქსს ანუ "სარდინიის ონიქსს", კუნძულ სარდინიიდან წარმოშობილ ქვას.
ამ თვალზე დაიწერა ბენიამინის სახელი. იგი იყო იაკობის უმრწმესი ძე. ბენიამენი ყველაზე უმცროსი კი იყო, მაგრამ ყველა ნათესავზე უწინ მეფობდა ისრაელზე, რადგან ებრაელთა პირველი მეფე საული სწორედ ბენიამენის შტოდან იყო. მისივე შთამომავლები დგებოდნენ მსაჯულებად. საგულისხმოა, რომ მოციქული პავლე, ადრე სავლედ წოდებული, ბენიამენის შტოდან იყო. ოცდაექვსი საუკუნის წინ საქართველოში მოსული და დამკვიდრებული ებრაელების ერთი ნაწილიც ბენიამენის ნათესავთაგანნი იყვნენ ("მოქცევაი ქართლისაი", IV ს.).
ონიქსი-სარდონიქსი განდევნის ბოროტ სულებს, ადამიანს იცავს ღალატისა და ტყუილისაგან, ანიჭებს მას სიმამაცეს და აჩერებს სისხლდენას. საერთოდ ითვლება, რომ ნებისმიერი ონიქსი ფლობს ტკივილის გაყუჩებისა და ანთებითი პროცესის შეჩერების თვისებებს. იგი ამახვილებს იმათ სმენას, ვისაც მუსიკალური ნიჭი აქვს. ანტიკურ ხანაში სარდონიქსი ბგერების მაგიასთან ასოცირდებოდა. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ ანტიკური ეპოქის სარდონიქსის გემაზე ძალიან ხშირია ხოლმე მუსიკალური ინსტრუმენტების გამოსახულებანი, განსაკუთრებით კი ლირისა.
ბიბლიის თანახმად, სარდონიქსი ლომის ეტლის (23 ივლისი " 22 აგვისტო) ძირითადი ქვაა, ხოლო ამ ზოდიაქოს მოციქულია იაკობ ზებედესი
(ზ. ქოქრაშვილი).
ონიქსი და სარდონიქსი აღადგენენ ძვლის ქსოვილს მოტეხილობისას, რგებენ ჭვალს, წყლულს, დაქვეითებულ სმენას, კარგად ახორცებენ ჭრილობებს, აწესრიგებენ სქესობრივ ჰარმონიას, კურნავენ ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემებს და ა.შ.