მილოცვები

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

შეიძლება ითქვას, რომ ისეთი პიროვნებანი, როგორიც ბატონი ედუარდ-გიორგი შევარდნაძეა, თანამედროვეთათვის ფაქტობრივად შეუცნობი რჩებიან, რადგან ისინი დიდი საქმეებისთვის არიან დაბადებულნი, ეს კი ბუნებრივად გულისხმობს გარეშეთათვის დაფარულ შინაგან ცხოვრებას; თუმცა მის განსაკუთრებულობას მრავალი ფაქტორი მაინც ავლენს: თუნდაც ის, რომ იგი ათწლეულების მანძილზე არის ქვეყნის პირველი პირი და, ამავე დროს, ერთ-ერთი შემოქმედი საკაცობრიო მნიშვნელობის გლობალური პროცესებისა; ის, რომ მან შეძლო სავლედან პავლედ ამაღლება და ამასთან, კომუნისტური რეჟიმის მსხვრევაში აქტიური მონაწილეობით, საოცარი სულიერი ფერისცვალების შესაძლებლობა მიანიჭა მილიონობით ადამიანს.
დიდია პრეზიდენტის დამსახურება იმაშიც, რომ თანამედროვე ეტაპზე მსოფლიოს მიეცა შესაძლებლობა წამყვან სახელმწიფოთა შორის ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და სხვ.
დიახ, დღეს კაცობრიობამ ახალ პოლიტიკურ სივრცეში შეაბიჯა, დედამიწა ერთიანი ინფორმაციული სივრცით შეიკრა და გრანდიოზული ეკონომიკური ამოცანები პოლიტიკური სტაბილურობის წინამძღვარი გახდა. ჩვენი პრეზიდენტის მიერ სწორედ ეს მოტივები იქნა გამოყენებული საქართველოზე საერთაშორისო ყურადღების მისაპყრობად.
განახლებული საქართველოს აღმშენებლობის პროცესი ურთულესია, რადგან ეს გარეშე ძალების უმძიმესი ზეწოლის და სოციალურ-ეკონომიური სიდუხჭირის ფონზე ხდება. ერთი შეხედვით მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ სწორედ ამ ნაცრისფერ ყოფაში მრავალთათვის შეუმჩნევლად იბადება ახალი, სრულიად განსხვავებული მნიშვნელობის საქართველო, რომლის მომავალიც, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, განსაზღვრავს არამარტო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების შემდგომ ბედსაც.
დიახ, საქართველო იძენს საერთაშორისო ფუნქციას. იგი ხდება დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის და ეს ყველაფერი, ძირითადად, პრეზიდენტის სახელს უკავშირდება.
შექმნილ სიტუაციაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მიმდინარე პროცესების სწორად წარმართვას.
ბატონი ედუარდი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც მსოფლიო მასშტაბებისთვისაა დაბადებული. იგი მთლიანობაში აღიქვამს სამყაროს, თუმცა, ბევრისაგან

განსხვავებით, ერთფეროვნებაში არ ხედავს მის მომავალს.
"მე მჯერა მსოფლიოს მრავალფეროვანი კულტურული სამყაროს არსებობის აუცილებლობისა" " წერს იგი. ამიტომაც ბუნებრივია, იბადება კითხვა: როგორ შეძლებს მცირერიცხოვანი ჩვენი ქვეყანა, წინ აღუდგეს ახალი დროის მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა განსაცდელს და შეინარჩუნოს ერთი მხრივ დამოუკიდებლობა, მეორე მხრივ კი თავისთავადობა და უწყვეტი კავშირი წარსულთან.
ფაქტი ერთია: ცალკეული ადამიანი, თუნდაც ესა თუ ის ერი, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ის ეკონომიურად, უფსკრულისკენ იწყებს სვლას, როდესაც მარადიულ ღირებულებებს ივიწყებს. ქართველთათვის მარადიული ღირებულებანი ჭეშმარიტი ღვთის ჭეშმარიტ რწმენას უკავშირდება და ამიტომაცაა, რომ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც უფლისადმი ქართველი ერის თავგანწირულ სიყვარულში დევს.
დღეს კი ჩვენში დაპირისპირებაა კულტურასა და ფსევდოკულტურას, ზნეობასა და უზნეობას, ჭეშმარიტ რწმენასა და არაფრისმთქმელ ზოგად რწმენას, ნამდვილ და ყალბ თავისუფლებას შორის. ჩვენი ერი, თითქოს, არჩევანს აკეთებს ამ ორ დიდ მიმართულებას " სიკეთესა და ბოროტებას შორის.
მჯერა, საქართველო გაუძლებს ყოველგვარ გაჭირვებას, ყოველგვარი მტრის ყოველგვარ ზეწოლას, საქართველო გაუძლებს თვით ანტიქრისტეს შემოტევას, რადგან ჩვენი გული, გონება და სული ღვთის რწმენით იქნება აღვსილი და იგი იქნება განმსაზღვრელი ჩვენი ყოფისა, აზროვნებისა და მოქმედებისა.
იმედის საფუძველს იძლევა თუნდაც გაჭირვების მიუხედავად საქართველოს ყველა კუთხეში ახლად აგებულ ეკლესია-მონასტერთა სიმრავლე, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი თბილისში, ელიას მთაზე მშენებარე წმიდა სამების საკათედრო ტაძარს უკავია.
იგი არა თუ საუკუნის, ათასწლეულის მშენებლობაა.
სამების ტაძარი მრავალი კითხვის პასუხია.
სამების ტაძარი ერის ღირსების გამოხატულებაა და ღვთისადმი ჩვენი ერთგულების დიდი ბეჭედია.
ფრიად მახარებს, რომ მისი მშენებლობის განხორციელებაში ძალიან დიდია ბატონი პრეზიდენტის წვლილი.
ყველამ ვიცით, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებს შორის თუნდაც ყველაზე ფართომასშტაბიანი დაპირისპირება საფრთხეს ვერ უქმნიდა ზოგადად კაცობრიობას. დღეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო კონფლიქტიც კი შეიძლება მსოფლიო კატასტროფით დამთავრდეს. დგას "ცივი მშვიდობის" ჟამი, რომლის განვითარებაც არავინ უწყის, საით წარიმართება.
ფრანგი მწერალი ფილიპ ოჟიე წერს: "სამყარო საჭიროებს ახალ ეთიკას, როგორც ეს იყო ყოველთვის, როცა გვიახლოვდებოდა განსაცდელისა და უბედურების ჟამი. მას სჭირდება კეთილშობილი იდეალისტები და მსოფლიო მშვიდობის იდეის მხარდამჭერი ენერგიული, გონიერი მომხრეები, ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ურთიერთთანამშრომლობის გზების გამოძებნას, რომ პასუხი გაეცეს სამყაროს ახალ გამოწვევებს".
ერთ-ერთ ასეთ პოლიტიკოსად ედუარდ-გიორგი შევარდნაძე მესახება.
შევთხოვ ღმერთს, უფლის შეწევნით და "გონიერ, კეთილშობილ იდეალისტთა" ძალისხმევით, დაემკვიდროს "ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
ბატონ პრეზიდენტს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ მრავალჟამიერ სიცოცხლეს და დაუღალავ მოღვაწეობას ჩვენი ქვეყნის და ყველა კეთილი ნების ადამიანის საკეთილდღეოდ.

თამაზ გამყრელიძე
აკადემიკოსი

"ხედავთ, თქვენო აღმატებულებავ, არაფერი მსოფლიოში არ ხდება ქართველების გარეშე", " მისთვის ჩვეული იუმორით შენიშნავს ედუარდ შევარდნაძე პასუხად ბერლინის ობერბურგომისტრის " დოქტორ დიბკენის " მისალმებაზე შარლოტენბურგის სასახლეში, სადაც საქართველოს დელეგაცია ედუარდ შევარდნაძის " მაშინდელი სახელმწიფოს მეთაურის " ხელმძღვანელობით ვეწვიეთ გაერთიანებული ბერლინის მერს. აქ დოქტორმა დიბკენმა ასე მიმართა ედუარდ შევარდნაძეს " იმ დროს უკვე იმანუელ კანტის საერთაშორისო პრემიის ლაურეატს: "ერთმა ქართველმა გაყო ბერლინი და მთელი სამყარო, მეორე ქართველმა კი იგი გააერთიანა". ედუარდ შევარდნაძის იუმორით შეფერადებული ეს ფრაზა ქართველების შესახებ სწორედ ამ მისალმების პასუხად იყო ნათქვამი; მაგრამ საქმეც ისაა, რომ მთელი მსოფლიო ამას ყოველგვარი იუმორის გარეშე აღიქვამდა მაშინ და აღიქვამს დღესაც; დღესაც მსოფლიოს მრავალ კუთხეში, უკლებლივ ყველა კონტინენტზე, საქართველო გაიგივებულია ედუარდ შევარდნაძის სახელთან; უფრო მეტიც: საქართველოს იცნობენ სწორედ ედუარდ შევარდნაძის წყალობით, რომელმაც ჩვენი პატარა ქვეყანა მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოების გეოსტრატეგიული ინტერესების სფეროში მოაქცია.
ჩვენ, საქართველოსა და ქართველებს, არ გვმართებს ედუარდ შევარდნაძის სახელთან დაკავშირებული ამ პოლიტიკური კაპიტალის დაკარგვა; ეს პიროვნული პოლიტიკური პოტენციალი ჯერ კიდევ დიდხანს დასჭირდება ჩვენს ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით მოპოვებული ადგილის დამკვიდრებისა და მისი შემდგომი განმტკიცებისათვის სულ უფრო რთულ, საერთაშორისო ტერორიზმითა და "ცივილიზაციათა შეჯახებებით" გახლეჩილ სამყაროში...
მე მინდა ვუსურვო საქართველოს პრეზიდენტს, მისი დაბადების საიუბილეო 75 წლისთავზე, ჯანმრთელობა, სიმხნევე და დიდი გამძლეობა ურთულესი სახელმწიფოებრივი პრობლემების წინაშე.

მარიამ ლორთქიფანიძე
აკადემიკოსი

ბატონო ედუარდ!
გილოცავთ იუბილეს. გისურვებთ უმთავრესს " ჯანმრთელობას. ამ იუბილეს ვულოცავ ქალბატონ ნანულის, თქვენს უერთგულეს მეგობარს, თანამგზავრს, რომლის თანადგომამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა თქვენი ცხოვრების გზა, არჩევანი; ვინც შეგიმსუბუქათ და გაიზიარა ის სიძნელეები, რომელთა გადალახვაც გიხდებოდათ ადრეული ახალგაზრდობიდან და გიხდებათ დღესაც.
თქვენი გზა ძნელად სავალი და ზოგჯერ ამოუცნობიც იყო.
ძნელი იყო თქვენი ე.წ. "აბაშის ექსპერიმენტის" გაგება, რას უმიზნებდით?
გაუგებარი იყო კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივნის დამოკიდებულება ქართული კულტურის ძეგლებისადმი. გემახსოვრებათ მთავრობის სახლის წინ შეკრებილ აქციის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკება, სადაც არ დაუშვით გარკვეული ნივთების (ბიჭვინთის ხატის, ბედიის ბარძიმის...) აფხაზეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადატანა, ძნელად გასაგები იყო თქვენი დამოკიდებულება ქართული ენის პრობლემისადმი...
ამ და ამდაგვარ საკითხებზე მქონდა დავა, კამათი ნიკო ჭავჭავაძესთან, ვეკითხებოდი: " გამაგებინე, რაშია საქმე? " ნახავ! " მეუბნებოდა. ვნახეთ, მოვესწარით. მაგრამ მოვყევით დიდი იმპერიის ნანგრევებში, საიდანაც გამოსვლა უაღრესად რთული და მძიმე აღმოჩნდა. მართალია, ისტორიისთვის ათი წელი ბევრი არაფერია, მაგრამ ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრებისთვის? ვერ გპატიობთ მოსახლეობის უმრავლესობის უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობას, არსებულ რთულ სოციალურ ვითარებას. ხალხს უჭირს დადებითი ძვრების დაფასება.
თქვენ შორს, წინ იყურებით: საქართველოს შეყვანა ევროპულ სტრუქტურებში, ის, რაც სულ ახლახან მოხდა, ეროვნული მოძრაობის მესვეურთა და მონაწილეთა ოცნება, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში შეღწევისა, უკვე მხოლოდ ოცნება აღარ არის, რეალობად იქცა. და მხოლოდ ეს რეალობა თუ შეუქმნის საქართველოს სტაბილურ მდგომარეობას, გამოიყვანს მუდმივი სამხედრო აგრესიის საშიშროებიდან. მართალია, საქართველო არ არის მხოლოდ მთხოვნელი, ის მსოფლიო წონასწორობის ერთ-ერთი გარანტიცაა, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ეს დიდი, რთული საქმე თქვენი დამსახურებაა, ურთულესი პოლიტიკური ძვრების, დიპლომატიის მონაპოვარია.
არ გთხოვთ, მოვითხოვთ! აღასრულოთ თქვენი უპირველესი ვალი, აღადგინოთ საქართველოს მთლიანობა.
გილოცავთ დაბადების დღეს!
გფარავდეთ, შეგეწიოთ უფალი!

ჭაბუა ამირეჯიბი
მწერალი

ძვირფასო ბატონო ედუარდ!

გილოცავთ დაბადების დღეს და ვუსურვებ ქართველ ერს, ჩვენს სახელმწიფოს თქვენს ურყევ ჯანმრთელობას, შრომის გაათმაგებულ წყურვილსა და უნარს!
ვერ ვიტყვი, თავად მივედი ასეთ დასკვნამდე თუ სხვისი აზრია, მაგრამ უღრმესად მწამს, რომ ქვეყნიერებას ფული, შეხედულებები და კიდევ სხვა რამ კი არ მართავს, არამედ მართავს ის, რასაც დიდი სულხან-საბა უწოდებს " წუხილს სხვისა სიკეთესა ზედა, " ანუ ადამიანის უმდაბლესი თვისება " შური! შური ამოქმედებს უხეირო ადამიანებში ჩადებულ ბოროტებასაც. ასე რომ არ იყოს განა მომრავლდებოდა საქართველოში ცვედანთა და მგინებელთა ფენა, ანუ გარეშე თუ შინაურ მტერთათვის ადვილად გადასაბირებელ პირთა ერთობლიობა, რომელიც ყველა ღონესა და საშუალებას მიმართავს, დაანგრიოს ყველაფერი, რაც თქვენი გონებით, ილაჯითა და მამულიშვილთა მხარში ამოდგომით აიგო?!
ეს არაკაცები სწორედ შურის შვილები არიან. ამიტომაც ცვედანობა დააბედა ღმერთმა, ავისა თუ კარგის განზრახვა უნიჭობის გამო ვერ აღასრულეს და იმის მეტი რაღა დარჩენიათ, რომ სხვისი შურდეთ, გულები სიკეთის მგინებლობით მოიოხონ და საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ერის ძირითადმა ნაწილმა პოპულიზმს არჩევნების უგულვებელყოფა დაუპირისპირა.
პირადად მე მაქვს განცდილი, როცა მართალ კაცს ყველა არსებული ჭუჭყიანი ხერხით გებრძვიან და ვერაფერს ხდებიან, სიამოვნების გრძნობა გეუფლება, რომ ვერა დაგაკლეს რა. მგონია, ამგვარი გრძნობა გიბათილებთ უხამსობით გამოწვეულ აღშფოთებას.
ჩვენს მოდგმასა და გვარში ბავშვების აღზრდის წინაპართაგან დატოვებული ერთი საყურადღებო ცნებით ხელმძღვანელობდნენ "არავისი რაიმე შეგშურდეს, შურმა სულში ბალღამის გაჩენა იცის, ბალღამმა სიკვდილის მოსწრაფებაო".
ბატონო ედუარდ, მკვიდრად და ურყევად დგომა თქვენი ხასიათის ძირითადი თვისებაა. საქართველოში მამულიშვილი საბედნიეროდ გაცილებით მეტია, ვიდრე არაკაცი. გწამდეთ, ჩვენ ქართველთა სახელმწიფოს, ანუ თქვენ გიდგავართ გვერდში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს და ქართველ ერს, ჩვენს მშენებარე სახელმწიფოს ვუსურვებ თქვენს ჯანმრთელობას, შრომისა და ღვაწლთდების გაათმაგებულ უნარს.
ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან სიკეთე და მაღალი ღმერთია ჩვენი მფარველი.