პატარა სამშობლო
გერონტი ქიქოძე

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყოველ თვითცნობიერ მამულიშვილში სოლომონ ლიონიძის სული ფეთქს და განცალკევებული არსებობის აზრს დღეს საქართველოში მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია.
დღეს ეროვნული თავისუფლების იდეას ისეთივე სტიქიონური ძალა აქვს, როგორც XIX საუკუნის დასაწყისში დემოკრატიულ იდეას ჰქონდა და თანამედროვე ძლევამოსილი სარდლები ხშირად იძულებული არიან ქედი მოიხარონ უფლებააყრილი ერების წინაშე, როგორც ნაპოლეონ პირველმა ასი წლის წინათ სანკიულოტების წინაშე მოიხარა ქედი.
მართალია, პატარა სამშობლოს ბევრი რამ აკლია დღევანდელ პირობებში: ქონებრივი მორჭმულობა, მრავალრიცხოვანი სპა, მჭრელი მახვილი თავის დასაცავად, მაგრამ სამაგიეროდ მას ზოგიერთი მაღალხარისხოვანი ზნეობრივი თვისებები აქვს.
პატრიოტული გრძნობა ჩვეულებრივ, პატარა ხალხში უფრო ცხოველია, ვიდრე დიდში. ეს, ალბათ, იმით აიხსნება, რომ სიყვარულის საგანი ყოველთვის ახლობელი და ხელშესახები უნდა იყოს, დიდი სახელმწიფოები კი ხშირად უსაზღვრო და თვალუწვდენელი ტერიტორიის სახეს ღებულობენ. ასეთ ტერიტორიაზე პატრიოტიზმის ადგილს იმპერიალიზმი იჭერს, სამოქალაქო შეგნების ადგილს " ქვეშევრდომის შეგნება. თითოეული მოქალაქის ჭირი და ლხინი ნაკლებად არის დაკავშირებული საერთო ლხინთან და ჭირთან და დიდი სახელმწიფო სხეულის ერთი ასო ხშირად წყლულდება და ნადგურდება ისე, რომ მეორე ასო ვერც კი გრძნობს საფრთხის მოახლოებას. ზოგიერთი დიდი იმპერია უფრო ხელოვნურად შეკოწიწებულ მანქანას წააგავს, ვიდრე ორგანულ არსებას და ხშირად ერთი პატარა მავთულის გაწყვეტაა საკმარისი, რომ მთელი უზარმაზარი მექანიზმი დაიშალოს.
პირიქით, რარიგ ცხოველმყოფელია პატარა სამშობლო. მამულიშვილი არ იკარგება უსაზღვრო და უპიროვნო მასაში. თემის ჭირ-ვარამი მისი ჭირ-ვარამიც არის, ეროვნული საქმეები მის საკუთარ საქმეებშია გადახლართული. მტრის შემოსევა საფრთხეს უქადის მის სახლ-კარსა და ცოლ-შვილს, სამშობლოს გამარჯვება კეთილდღეობას ჰპირდება მის არსებობას. სამშობლო მას მეტს სთხოვს და მეტს ჰპირდება. ეს გარემოება ყოველ ადამიანურ ნიჭს ამოძრავებს და უხვად ასაზრდოებს ადამიანურ თაოსნობას და შემოქმედებას. ამით აიხსნება, რომ პატარა ქვეყნის მეფეები ხშირად უფრო დიდი ადამიანები არიან, ვიდრე დიდი ქვეყნის მოქალაქეები და პატარა ერები ხშირად გენიოსობისა და თვითმოქმედების სასწაულს ააშკარავებენ.
ათენმა პერიკლე, სოკრატე და პლატონი წარმოშვა, როცა ის ოცი ათას მოქალაქეს შეიცავდა და დიდი სპარსეთის მეფე დაამარცხა ეროვნულ ბრძოლაში. ქალაქმა რომმა რამდენიმე თაობის განმავლობაში მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზი დაიპყრო. პატარა ფლორენციამ იტალიური აღორძინების ნიადაგი შექმნა და ხელოვნების საუკეთესო ყვავილები წარმოშვა. პატარა ვენეციამ რამდენჯერმე ოსმალები, ბიზანტიელები, დალმაციელები და უნგრელები უკუაქცია, კონსტანტინოპოლი, პელოპონესი, კვიპროსი და კრიტოსი დაიმორჩილა და შავი ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე მსოფლიო აღებ-მიცემობა გააჩაღა.
ჩვენს პატარა სამშობლოსაც ჰქონია დიდი წუთები. მის მხედრებს ძლევამოსილი სულთანები დაუმარცხებია, მის ოსტატებს გმირთნაკვეთი ტაძრები აუგია. ამიტომ არის, რომ დროული ბედშავობა გულს არ უტეხს და მისი თვალები ასე იმედიანად იცქირებიან მომავლისაკენ.
ცხოვრების ბრძოლაში არ არსებობს დასასვენებელი პაუზები. განსაკუთრებულად ქართველი ხალხის დარაჯებს არა აქვთ უფლება თვალი დახუჭონ, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის ალყაშემორტყმულ ციხეს წარმოადგენდა და დღესაც ასეთ ციხეს წარმოადგენს.