მადლი ღვთისგანაც შეიწირების

სულიერი კულტურის, ხელოვნებისა და მეცენატობის ისტორია ოდითგანვეა ურთიერთგადაჯაჭვული...
ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში საბერძნეთისა და რომის დამსახურებულ, საპატიო მოქალაქეებს იმავე ეპოქის უდიდესი მოქანდაკენი ქვაში კვეთდნენ, რათა მათი სახელი საუკუნეებს შემორჩენოდა და საერთო საქმისთვის გაღებული წვლილი თაობებისთვის ყოფილიყო ცნობილი. "საერთო საქმე" კი ლათინურად ღესპუბლიცა-ა...
მოგვიანებით, XIV საუკუნეში, "აღორძინების ხანის" იტალიაში, სტუმართმოყვარე ვერონელი თავადი კონგრანდე დელლა სკალა შინ იღებდა და მფარველობდა უპოვარ, ნიჭიერ ადამიანებს. მის დევნილ სტუმართა შორის პოემათა პოემის, "ღვთაებრივი კომედიის", ავტორი დანტე ალეგიერიც აღმოჩნდა... დიდი ხნის ხეტიალისა და მოწყალების თხოვნის შემდეგ სწორედ აქ, ვერონელ დიდგვაროვანთან შეძლო პოეტმა ნაწარმოების დამთავრება, რომელმაც არა მარტო დანტე აქცია უკვდავად, არამედ მისი უანგარო მფარველიც...

ქართული მწერლობის, ხელოვნების, სპორტის განვითარებისთვის, თანამოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისა და განათლებისთვის მაგთიკომმა თავისი არსებობის 7 წლის მანძილზე 2 867 026 ლარი გაიღო, საქართველოს ეკონომიკაში კი 82 535 340 მილიონი შეიტანა.
მაგთიკომის დაფინანსებით შარშან შესანიშნავი საჩუქარი მიიღო ქართველმა მკითხველმა - ჭაბუა ამირეჯიბის შვიდტომეულის შემდეგ გამოიცა გურამ ასათიანის თხზულებათა სრული კრებული ოთხ ტომად; ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრება, I და II ტომები; ნაზი თარგამაძის საბავშვო ლექსების კრებული; ალიკო ცინცაძისა და გიორგი ბაღათურიას ავტორობით: "არჩევანი. დემოკრატიის მშენებლობა ტოტალიტარიზმის ეპოქაში. ედუარდ შევარდნაძის გამოცდილება"; წიგნი "დავით ყიფიანი".
დახმარება გაეწია გაზეთებს: "განახლებული ივერია", "ლიტერატურული საქართველო" და გამომცემლობას "სამშობლო".
კომპანია "ქართული ტელეფილმის" მიერ გამოიცა 1500 ქართული ფილმის ანოტაციისა და სხვადასხვა კინოფესტივალზე მოპოვებული ჯილდოების კატალოგი. ეს პირველი ამგვარი ტიპის ნაშრომია ჩვენს ქვეყანაში და ამ გამოცემის ხარჯებიც მაგთიკომმა გაიღო. კომპანიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით შეიქმნა ფილმი "მოგზაურობა ისტორიაში".
დაფინანსდა სოხუმის სახელმწიფო აკადემიური, მარჯანიშვილის სახელმწიფო აკადემიური და თუმანიშვილის სახელობის თბილისის კინომსახიობთა თეატრების სპექტაკლები.
2002 წელს კომპანია "ისთერნ პრომოუშენის" ორგანიზატორობით გამართულ თბილისის ჯაზ-ფესტივალზე მაგთი GშM-მა დააფინანსა ცნობილი ბრაზილიელი შემსრულებლის ტანია მარიას გასტროლი ჩვენს დედაქალაქში; მაგთიკომის სპონსორობითვე ჩატარდა ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მიერ ორგანიზებული მეათე საერთაშორისო ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" და საქართველოს ხალხური ხელოვნების ფესტივალი.
ჟურნალ "მუდმივი კავშირის სამყაროს" რედაქცია დაუკავშირდა ქართული კულტურისა და ლიტერატურის ცნობილ მოღვაწეებს და სთხოვა აზრის გამოთქმა საქართველოში მეცენატობის, ქველმოქმედების მნიშვნელობასა და კომპანიის, პირადად ბატონ გია ჯოხთაბერიძის მიერ დაფინანსებული გურამ ასათიანის პირველ თხზულებათა სრული კრებულის შესახებ.

ბესიკ ხარანაული:

როდესაც უკვე ხელთ მეპყრა გურამ ასათიანის ოთხტომეული, პირველი გრძნობა სიხარული და მადლიერება იყო, გაფიქრება კი " ასეთი:
ვერც ჩვენი ლიტერატურულ-კულტურული საზოგადოება, ვერც ამ ტრადიციების მატარებელი გურამ ასათიანის ოჯახი და ახლობელ-მეგობრები, ვერც გურამის დიდი ნიჭის დამფასებელი ლიტერატურული ახალგაზრდობა, რომელმაც უშუალოდ უნდა გააგრძელოს გურამ ასათიანის ტრადიციებსმოუწყვეტელი შემოქმედებითი სარბიელი და ხელთ იპყროს გურამის მიერ ნაქნევი ხმალი " ვერავინ, დღევანდელ საქართველოში ვერ შეძლებდა ასე სრულყოფილი ოთხტომეულის გამოცემას.
მერე როგორ დროს!
ნამდვილად საჭირო და ნიშნეულ დროს, რადგან დრო და დავიწყება ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან და გურამის ნაწერებიც სწორედ საჭირო დროს გამოიცა. დრომ და დავიწყებამ ვერ მოასწრო საბუდარის მოწყობა, ლიტერატურულ-კულტურული ჯაჭვი ჩვენი ქართული ისტორიისა არ ჩაიშალა, გმირის მახვილი ჰაერში არ გამოიკიდა.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ XXI საუკუნის ლიტერატურული ახალგაზრდობა " პოეტები, მწერლები, კრიტიკოსები, ქართული კულტურის, ქართული ლიტერატურის, ქართული ეროვნული სულის ახალმაძიებელნი სამაგალითოდ გაიხდიან გურამ ასათიანის ნაწერებს და ისევე, როგორც გურამი, მაღალ რეგისტრში გააგრძელებენ და გააახლებენ ქართულ ეროვნულ აზროვნებას; იქნებიან ისეთივე ნატიფნი, არტისტულნი, მკვეთრნი და წარმოაჩენენ საკუთარ დროს.
კარგი წიგნი ყოველ წაკითხვაზე ახალია.
მე ამ რამდენიმე აბზაცში მათზე ლაპარაკს არ ვაპირებ, ჩემთვის ოდითგან ცნობილია ღირსებაც და სიტკბოებაც ამ ნაწერებისა. მე ეს ერთი-ორი აბზაცი იმათ მინდა მივუძღვნა, ვინც გურამის ოთხტომეულის გამოცემა იტვირთა, ვისაც აღმოაჩნდა ცოდნა ფასეულთა ფასისა, ვინც ასე შეამკო ჩვენი ნატვრადქცეული სურვილი " ერთად გვეხილა წიგნის დახლებიდან პირწმინდად გამქრალი და ნაცნობებშიღა მოსაკითხ-მოსაძებნელი გურამ ასათიანის ნაწერები.
უდიდესი მადლობა მათ.
მე ასეთი საქმის ენადაუმშრალ მაქებრად დავშთები.

თამაზ ჩხენკელი:

ბიზნესმენებმა ქართული მწერლობისკენ მოიბრუნეს პირი და ეს უთუოდ აღსანიშნავი მომენტია. მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაიბეჭდა ჯერ ჭაბუა ამირეჯიბის თხზულებების შვიდტომეული, ხოლო შემდეგ " გურამ ასათიანის ოთხტომეული. ეს წიგნები მკითხველთა ფართო წრისთვის მიუწვდომელია, რაც იმით არის განპირობებული, რომ დღეს, სხვადასხვა გარემოებათა გამო, მკითხველთა ასეთი სიმრავლე არც არსებობს, მაგრამ თვითონ ფაქტია უაღრესად მნიშვნელოვანი: მწერლის მთელი შემოქმედება სრული სახით არის წარმოდგენილი, ერთიან კულტურულ ფაქტად არის კონდენსირებული. ეჭვი არ არის, თავის დროზე ეს წიგნები საყოველთაო კუთვნილებად იქცევა და მასობრივ მკითხველს შეიძენს.
ფართო დიაპაზონის მქონე ლიტერატორები (პოეტები, ესეისტები, პროზაიკოსები, ლიტერატურათმცოდნეები, მთარგმნელები), თავიანთი მოღვაწეობის მიწურულს, წინათაც ძნელად ახერხებდნენ საკუთარი ნაშრომის სრული სახით გამოქვეყნებას, რასაც ბევრ შემთხვევაში იდეოლოგიური ხასიათის კონიუნქტურა განსაზღვრავდა, მით უმეტეს, დღეს ასეთი სახის კრებულის გამოქვეყნება თითქმის მიუღწეველი რამ არის და მნიშვნელობას ანიჭებს უანგარო ქველმოქმედების ამნაირ აქტს. ქართული საზოგადოების მხრივ, ეს კულტურტრეგერული ძალისხმევა, თქმა არ უნდა, დიდი მადლიერებით იქნება აღქმული. და მე სიამოვნებით და სიხარულით ვუერთებ ხმას ბრწყინვალე ლიტერატორის და ჩემი მეგობრის გურამ ასათიანის ოჯახის მიერ ქველმოქმედისადმი გამოთქმულ სიტყვებს: "დიდი მადლობა ბატონ გია ჯოხთაბერიძეს, რომელმაც გურამ ასათიანის ოთხტომეულის გამოცემით დიდი ამაგი დასდო ქართულ მწერლობას".

რეზი თვარაძე:

მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან ქართულ სალიტერატურო ცხოვრებაში მწვავედ დადგა როგორც პოეტიკის, ისე კრიტიკული აზროვნების განახლების, დრომოჭმული სტერეოტიპებისა და დოგმების დაძლევისა და უკუგდების პრობლემა. ასპარეზზე გამოჩნდა ამ საქმის აღსასრულებლად მოწოდებული მთელი თაობა, რომელმაც წარუხოცელი კვალი დააჩნია მომდევნო ხანის ქართულ კულტურას.
ამ თაობის ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, გამოკვეთილი ლიდერი იყო გურამ ასათიანი " უნიჭიერესი, ფართო თვალსაწიერის მქონე ლიტერატორი, კრიტიკოსი, რაფინირებული ინტელიგენტი.
ამიტომ მისასალმებელია გურამ ასათიანის ვრცელი სალიტერატურო მემკვიდრეობის თავმოყრა და გამოცემა, რაც ახლახან განხორციელდა " დაიბეჭდა მისი თხზულებების ოთხტომეული.
ამ ტომებში მკითხველი იხილავს გურამ ასათიანის წერილებს, როგორც კლასიკური ქართული მწერლობის საკითხებზე, ისე კრიტიკოსის თანამედროვე მრავალი და მრავალი პოეტისა თუ პროზაიკოსის შემოქმედებაზე, მის გახმაურებულ "კრიტიკულ დიალოგებს", "პოეზია და პოეტებს", "თანამდევ სულებს", "დიდ მოლოდინს", მის ვრცელ ნაშრომს "სათავეებთან", მრავალ სხვა მასალას.
ოთხტომეული გამოცემულია საუკეთესო პოლიგრაფიულ დონეზე, მდიდრულად. თვალსა და გულს ახარებს მკაფიო შრიფტი, ბეჭდვის ხარისხი, ფერადოვანი ფოტოები.
ყოველი ტომი გვაუწყებს ამ მშვენიერი გამოცემის განმახორციელებელთა ვინაობას: გამომცემელი " ნეოსტუდია; გამოცემის სპონსორი " მაგთი GSM; შემდგენლები: მანანა ქიქოძე, მანანა ამირეჯიბი; დიზაინი და გრავიურა ყდაზე ლევან ჭოღოშვილისა; რედაქტორი " ვაჟა გიგაშვილი; კომპიუტერული უზრუნველყოფა დიმიტრი შალუტაშვილის და ხათუნა სამხარაძისა.
ყოველ ტომს ახლავს წარწერა: "დიდი მადლობა ბატონ გია ჯოხთაბერიძეს, რომელმაც, გურამ ასათიანის ოთხტომეულის გამოცემით, დიდი ამაგი დასდო ქართულ მწერლობას. გურამ ასათიანის ოჯახი, გაზეთ "განათლებული ივერიის" რედაქცია".
ბატონ გია ჯოხთაბერიძეს მკითხველებმაც უნდა ვუძღვნათ გულითადი მადლობა. მით უფრო, თუ გავიხსენებთ, რომ შარშან მისივე ამაგით დაიბეჭდა ჭაბუა ამირეჯიბის შვიდტომეული, რომლის ბადალი გამოცემა ქართულად ჯერ არ გვინახავს.

კახა ჯამბურია:

შეიძლება ვინმემ იფიქროს: რა დროს ასეთი ქველმოქმედებაა " ხალხი შიმშილობს და წიგნების ბეჭდვაზე როგორ უნდა ხარჯავდნენ წარმატებული ბიზნესმენები თანხებსო? ერთი შეხედვით, ხომ მართალია? რა უნდა იყოს აქ სადაო? მაგრამ სინამდვილეში ძალიან საშიშია, დაივიწყო ის სულიერი ღირებულებები, რასაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა შენი ერი და მხოლოდ მატერიალურზე იზრუნო. მატერიალური სიძლიერე თუ ეკონომიური წინსვლა არ შეიძლება თვითმიზანი იყოს. ყველაზე საშიში სულიერი კრიზისია, ის კრიზისი, რომელიც დღეს უდგას საქართველოს. დღეს ჩვენ საზოგადოებაში პირველ რიგში არა პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ ზნეობრივი და სულიერი ღირებულებების დეფიციტია. სწორედ ამგვარი დეფიციტი წარმოშობს ჩვენს დუხჭირ ყოფას და არა პირიქით. ამიტომაც დროა გავიხსენოთ, რომ "არა პურითა ხოლო..."
საიდან მოვდივართ, ვინ ვართ და სად არის ჩვენი ადგილი დღევანდელ მსოფლიოში? რას წარმოვადგენთ ქართველები და რა არის "ქართული ხასიათი"? სად არის ჩვენი უბედურების სათავე " გარეთ თუ ისევ ჩვენში, ჩვენს მენტალიტეტში? ეს კითხვები არც ძველდება და არც კარგავს თავის აქტუალობას. თითქმის საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ნიკოლო მიწიშვილის ნიჰილისტური წერილით დაიწყო ძალზე დაძაბული და საინტერესო დისკუსია ქართული ხასიათის და საქართველოს ფუნქციის შესახებ, თუმც ფიქრი ამის თაობაზე მანამდეც იყო " ვახუშტისთან, გურამიშვილთან, ილიასთან... XX საუკუნეში კი ამაზე წერდნენ გრიგოლ რობაქიძე, გერონტი ქიქოძე, მიხეილ ჯავახიშვილი, სიმონ ჩიქოვანი და სხვ.
ცუდად იქნება ჩვენი საქმე, თუ დღეს ამ ყველაფერს დავკარგავთ და მივივიწყებთ, მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზე ვიზრუნებთ და აღარ გაგვახსენდება, რაზე ფიქრობდნენ, რაზე კამათობდნენ ჩვენი მწერლები და მოღვაწეები. ამიტომ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მგონია, რომ სწორედ დღეს იყო ესოდენ აქტუალური და მნიშვნელოვანი გურამ ასათიანის ოთხტომეულის გამოცემა, კიდევ ერთხელ მიბრუნება "სათავეებთან" " ამ უბერებელ წიგნთან, რომელიც დღეს სულ სხვა თვალით იკითხება, ვიდრე გასული საუკუნის 80-იან წლებში. როგორი სიყვარული და სითბო იღვრება ამ წიგნების ფურცლებიდან " რა ძლიერი ლიტერატურული თაობა იყო, როგორ მეგობრობდნენ, როგორ უყვარდათ და ეამაყებოდათ ერთმანეთი, რა კარგად წერდნენ...
მადლობის მეტი რა გვეთქმის, რომ ჯერ ჭაბუა ამირეჯიბის, შემდეგ გურამ ასათიანის ასეთი ბრწყინვალე გამოცემები აჩუქა თავის ხალხს ბატონმა გია ჯოხთაბერიძემ, მაგრამ ძალაუნებურად როგორ არ უნდა ინატრო: ნეტავ, ყველა ქართულ ოჯახში ეწყოს ეს წიგნები, ნეტავ მომავალმა თაობებმაც იკითხონ და იფიქრონ იმაზე, რაზეც მუდამ ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ, კამათობდნენ საქართველოში. მაშინ კი...
მაშინ იქნებ მივხვდეთ როგორმე, რომ საერთო მეტი გვაქვს, ვიდრე საჩხუბარი და გამოსავალი ერთიანობაშია და არა მტრობაში. ჩვენ მხოლოდ მარადიული სულიერი ღირებულებებისკენ, ჩვენი კულტურისკენ მიბრუნება გადაგვარჩენს. გურამ ასათიანის ოთხტომეული კი ერთ-ერთი გზაა იქითკენ...