ახლა დაფიქრება, სიფრთხილე
და პროფესიონალიზმია საჭირო

იგი თეატრში გაუცნობიერებლად აღმოჩნდა. თეატრალურ ინსტიტუტს კითხვა-კითხვით მიაგნო. ყველაფერი შიშისა და სტრესის ხარჯზე მოხდა... დღეს კი ინტერვიუსთვის სწორედ მას ვეწვიეთ - რუსთაველის თეატრის მსახიობს ნინო კასრაძეს...

" ნინო, თქვენ თაობას განსაკუთრებით რთულ პერიოდში მოუწია თეატრის სარბიელზე გამოსვლა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი "უდროობის" ხანა იყო. ვინ იყო ამ დროს შენი გმირი, რა ღირებულებები, რა სათქმელი ჰქონდა მას?
" მე არ ვიცი, რამდენად გაუძლო ჩემმა "გმირმა" ამ "უდროობას", ამ ათწლიან გამოცდას. კიდევ წლებია საჭირო იმისთვის, რომ "დალაგებულ" ვითარებაში გამოჩნდეს იარსებებენ ჩემი გმირი ქალები კიდევ თუ არა, შევიქმენით, ვარსებობთ ჩვენ როგორც თაობა, თუ არა. ცრუ თვითკრიტიკა არ მალაპარაკებს. დღეს ხომ სულ შეიცვალა თემები, შეიცვალა ჩვენი დამოკიდებულება რეალობისა და პროფესიისადმი. მაშინ, როცა ვიწყებდი, როცა თავბრუდამხვევ ტემპში ვმუშაობდი, იმაზე არც კი ვფიქრობდი, რას ვამბობდი, რატომ გამოვდიოდი სცენაზე. სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ სცენაზე გამოსვლის ფაქტი, სათქმელის მოტანის ცდა უკვე ვაჟკაცობად ითვლებოდა. ისეთი ვაკუუმი იყო, რომ ყველაფერი შეიძლება თქმულიყო, ყველაფერი მნიშვნელოვნად ჟღერდა: მოწოდება ანარქიისკენ თუ ბრძოლა ანარქიის წინააღმდეგ. ახლა ბევრად უფრო ძნელია; გაცილებით უფრო დიდი პასუხისმგებლობა, დაფიქრება, სიფრთხილე და პროფესიონალიზმია საჭირო. მობეზრდა ხალხს სპონტანურობა, გულუბრყვილობა, ახალგაზრდული "ნაივი". იმის მტკიცება, რომ მერე რა, თუ არა გვაქვს ოსტატობა და ცოდნა, ჩვენ წრფელი ემოცია გვამოძრავებსო. საშინელი, სასტიკი პროფესიონალიზმის დრო დგება. მხოლოდ ემოციით ფონს ვერ გახვალ. ახლა გამოჩნდება, რა დასკვნები გააკეთა თითოეულმა ჩვენგანმა, ვინ რა სკოლა "შეუქმნა" თავის თავს.

" ახალი თემები ახსენეთ, რა იგულისხმეთ?
" ახალი ფორმით მოწოდებული მარადიული თემები. დღეს ველური ფორმა აღარ ამართლებს. საზოგადოებაში გაჩნდა ნოსტალგია ნორმალურ ყოფაზე, ნორმალურ, კარგად "შეფუთულ" ურთიერთობებზე. ქაოსის დაძლევაა საჭირო, მუდმივი ქაოსი მომქანცველია.

" ველურ ფორმად რას მიიჩნევ?
" თუნდაც "სეჩუანელს" და ჩემ თავს "სეჩუანელში". ღრმად მწამს, რომ ეს ეტაპი წავიდა, დამთავრდა. სტურუა მუდამ ახლის ძიებაშია, თანამედროვეობის აღქმის გენიალური ალღო აქვს. ამისთვის მოგზაურობაც არ სჭირდება, პირდაპირ აგნებს და ხედავს ახალ ხერხებს, ფორმებს...
დღეს ყველაფერი აჩქარებულია. აჩქარებულია ძიების, სცენაზე ცხოვრების, მხატვრული აზროვნების ტემპიც. როდესაც "მეთორმეტე ღამეზე" ვმუშაობდით, ყველასაგან ახალ სამეტყველო ენას ითხოვდა. ეს შოკში გვაგდებდა, ძალიან გვიჭირდა. მე მეუბნებოდა: ახლა ამბის ძველებურად "მოყოლის" დრო აღარ არის, ეს აღარავის აინტერესებს. შიგნით უნდა იცვლებოდეს ყველაფერი, შიგნიდან უნდა იბადებოდეს იმპულსი, მუხტიო. დაახლოებით ისე, როგორც ეს ხდება ფილმში " "გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი", სადაც მოქმედება და ამბავი ერთმანეთს "ეჯიბრება", "უსწრებს". თუმცა, ამ სიჩქარეში ერთი დიდი საშიშროება არსებობს, სათქმელმა და ფორმამ ისე არ გაგიტაცოს, რომ მთავარი დაგავიწყდეს. ძალიან დიდი სულიერი სისუფთავეა საჭირო.

" ალბათ, ახალმა ამოცანებმა დაგაფიქრა "სკოლის" აუცილებლობაზე...
" 90-იანების გმირი ისეთი გულწრფელი იყო, ისე უნდოდა თავის თავის დახარჯვა... და დაიხარჯა კიდეც. ამას დაბნეულობა მოჰყვა, თავისებური კრიზისი... "ქალი-გველსა" და "მეთორმეტე ღამეს" შორის სამი წელი ისე გავიდა, არაფერი მითამაშია. სამაგიეროდ, "მეთორმეტე ღამეზე" მუშაობამ თხუთმეტი საფეხურით "ამაგდო" ზევით, ხელობის ახალი სიამოვნება მაგრძნობინა.
ჯერ ერთი, ძალიან კარგ მსახიობებთან ვმუშაობდი, მეორეც, სწავლის სურვილმა შემიპყრო, მინდოდა, საკუთარი თავისა და სხვებისთვისაც, დამემტკიცებინა, რომ ასეთი სირთულის დაძლევაც შემიძლია. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც შემეძლო მეთქვა: გადავწყვიტე " გავაკეთე. მანამდე, წლების მანძილზე ისე ვთამაშობდი, რომ წარმოდგენაც არ მქონდა, რა საიდან მოდიოდა. ხანდახან ისეთ რამეს წავიკითხავდი ჩემი როლის შესახებ, რომ ჩემთვისაც აღმოჩენა იყო. მაგალითად, ერთ რუს კრიტიკოსთან ამოვიკითხე, რომ, თურმე, "მაკბეტში" ქურთუკი ბავშვივით მიჭირავს და ვარწევ. ეს არასოდეს გამიცნობიერებია.

" რა იწვევდა ასეთ "უცოდინარობას"?
" ალბათ, იგივე "ნაივი". მაშინ 24 წლის ვიყავი. ლედი მაკბეტის ზოგიერთ თვისებას მხოლოდ სტურუას დახმარებით ვქმნიდი. მიკვირს, რა თავხედობა მქონდა ასეთი, როცა ვამბობდი: "ავო სულებო, ისწრაფეთ ჩემსკენ... რძე გამომიშრეთ... უნაყოფო გამხადეთ... სქესი შემიცვალეთ..." " ეს იგივეა, ახლა ჩემი პატარა სალომე მიწაზე რომ დავანარცხო... არა, დღეს ამას დაუფიქრებლად, გაუაზრებლად ვეღარ შევძლებ, მარტო ემოციით არ შეიძლება ამის თამაში. ამას რომ ვამბობ, სპექტაკლს და ჩემ როლს კი არ ვაკნინებ და ვერც დავაკნინებ, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი იყო სტურუას გადაწყვეტილება... მთელ მონოლოგს სამ წუთში ვთამაშობ, ვერც ასწრებს მაყურებელი გააზრებას, გონს მოსვლას. პაუზებით გინდათ მოაჩვენოთ მაყურებელს რომ აზროვნებთ სცენაზე? " გვეუბნებოდა სტურუა " სისწრაფეს სხვა დატვირთვა მოაქვს, სხვა შეტევა მაყურებელზე, შენ კი არ ფიქრობ, მაყურებელს აიძულებ იფიქროს.

" რასაც შენ ამბობ, უკვე გარკვეულ ტექნიკაზე, მეთოდზე მეტყველებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი ემოციური შეტევის, შოკის, შტურმის თეატრია. და ახლა შენ უფრო რაციონალურ, "მშვიდ" თეატრზე გადასვლის სურვილი გაგიჩნდა...
" მთავარი ის არის, რომ სტურუას სათქმელიც შეიცვალა. თუ მაკბეტები სამი საათის განმავლობაში ურთიერთობდნენ სცენაზე და თავისი პრობლემების გადასაჭრელად უამრავი დრო ჰქონდათ, სტურუას დღევანდელ თეატრში, რომელიც უფრო კოლაჟურია, ყველაფერი ერთ წამში უნდა მოხდეს. "მეთორმეტე ღამესა" და "ჰამლეტში" ყველაფერი ფილიგრანულად უნდა დამუშავდეს და თან ეს "შეტევაც" უნდა შენარჩუნდეს. ამან "მეთორმეტეში" ლამის ინვალიდად მაქცია.

" მაშასადამე, მუშაობას ფსიქოლოგიური სტრესიც ახლავს...
" ხომ ვამბობ, ინვალიდობის ზღვარზე ვიყავი. ეს უნდა ყოფილიყო ძლიერი და თანაც იდუმალი ქალი, მისგან იწყება რაღაც დიდი გამოცანა. ვიოლას აღარ უნდა ქალის სამოსის ჩაცმა, უარი უნდა თქვას თავის თავზე. თუ ცხოვრება ასეთია, თუ ყველაფერი უკუღმა ხდება, მას აღარ სჭირდება თავისი ქალობა, ბედი. იგი XXI საუკუნის შვილია და ყველაფერს თავის თავზე იღებს. ამ სპექტაკლში ყველაფრის შესახებ დგება საკითხი: ქალის; მამაკაცის; ქალისა და მამაკაცის; ომის; მშვიდობის; უბრალოდ ემანსიპაციის...
ახალი ეპოქის მსახიობი ისევ ქართველების ნიჭიერების ხარჯზე თუ შეიქმნება. სტურუას თუ გაჰყვები, თუ იგრძნობ და მიხვდები რას თხოულობს, რა მოაქვს...
ამბობენ, ახალ სპექტაკლში (მე არ მინახავს) ძალიან კარგები არიან ზაზა პაპუაშვილი, ლევან ბერიკაშვილი, ამირან ამირანაშვილი და გოგა გველესიანიო...

" შენს ცხოვრებაში დიდი ცვლილება მოხდა, ამან რა გამოცდილება შეგძინა?
" ბავშვმა რა მასწავლა და მოთმინება, დილას უნდა მოვითმინო, საღამოს უნდა მოვითმინო, ღამე უნდა მოვითმინო... საერთოდ არ ძინავს, ძალიან ემოციურია და საშინლად ცნობისმოყვარე. თუმცა, რა გასაკვირია, ემოციურობით მშობლებს დაემსგავსა.

" ითვლება, რომ მსახიობი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამორჩეული უნდა იყოს.
" რასაკვირველია. მე ძალიან მოუწესრიგებელი ვარ. ამას წინათ ჩემს თავს ვუთხარი: ნინო, კიდევ ერთხელ გამოხვალ ასე ქუჩაში და დამთავრდა შენი მსახიობობა! მსახიობს უნდა ეტყობოდეს, რომ მსახიობია. მე ვიღვწვი ამისთვის, მაგრამ ჯერჯერობით არ გამომდის. იქნებ, სადღაც 50 წლის ასაკისთვის მაინც მოვახერხო? ისე შევიცვალო, ყველა მიხვდეს, რომ მსახიობი ვარ... იცი, სომხებმა რა თქვეს, როცა სინჯები ნახეს და ფილმზე დამამტკიცეს? " ცხოვრებაში დიდი არაფერია და ეკრანზე კარგიაო?!

" შემიძლია დაგამშვიდო და გითხრა, რომ ამ შემთხვევაში ქართველებისა და სომხების გემოვნება განსხვავდება!
როგორ გაგიჩნდა აზრი გამხდარიყავი მსახიობი?
" თეატრში გაუცნობიერებლად აღმოვჩნდი. მე და დედაჩემმა თეატრალური ინსტიტუტის მისამართიც კი არ ვიცოდით. კითხვა-კითხვით მივაგენით, უხერხულიც კია ამის აღიარება. არც მოვმზადებულვარ. ყველაფერი საშინელი შიშისა და სტრესის ხარჯზე ხდებოდა. გაუფორმებელ, ჩამოუყალიბებელ სხეულზე უნდა ჩაიცვა შავი ტრიკო, გახვიდე სცენაზე, გააკეთო ეტიუდი, წაიკითხო იგავი... სულ მრცხვენოდა. პირველი სექტემბერიც დიდი ტანჯვა იყო. რას იტყვიან? რას იფიქრებენ? როგორი ვარ? იქ რომ გავიარო? აქ რომ დავჯდე? მაგრამ, ამავე დროს, სადღაც, საკუთარი თავის რწმენაც ცოცხლობს. მეგობრები გიჩნდება, ვიღაცას მოსწონხარ, რაღაც გამოგდის. მანამდე კი ადამიანების სია მქონდა ჩამოწერილი და მათ გასწვრივ ყოველდღე პლუსებს და მინუსებს ვსვამდი: ამასთან კარგად ვიურთიერთე, ამასთან ცუდად. მეუბნებიან, დიდსა და მკაცრ ქალს ჰგავდიო. საშინელ ჯავშანში მყავდა საკუთარი თავი ჩაკეტილი. ნამდვილი სპარტანელივით ვცხოვრობდი.
სხვათა შორის, შემიმჩნევია, იქ, სადაც დიდ ენერგიას ვდებ, საქმე აუცილებლად გამომდის. ნებისყოფის განმტკიცების სპეციალური სისტემაც კი შევიმუშავე, თუმცა, არავითარ ტექნიკას არ ვფლობ. ეს ყველაფერი ჩემში იდო. მაგრამ ამ მეთოდმა სცენაზე არ გაამართლა, ცუდი შედეგი მომცა. ყველაფერი ჩარჩოებში მოექცა, უშუალობა დავკარგე. მივხვდი, რომ მსახიობს არავითარი ფსიქოენერგეტიკული ვარჯიშები არ სჭირდება. ამით საკუთარ თავს მარტოხელა, მარტოსულ "მეომრად" აქცევ, ნებაყოფლობით იზოლაციას იქმნი.

" შენს რეპერტუარში ბევრია მითოლოგიური, მისტერიული, გიგრძვნია თუ არა ეს?
" როგორ არ მიგრძვნია. ხანდახან არც ვიცოდი ეს რა იყო. "მაკბეტში" ამას იოლად გადავურჩი და მერე იცი, სტურუას ერთი არაჩვეულებრივი თვისება აქვს " ის ყველაფერს მისტიკურს, უარყოფითს თავის თავზე იღებს, მსახიობს იცავს. მახსოვს, ერთხელ გვისაყვედურეს, დღეს მსახიობებმა ისე ვერ ითამაშეთო. მე კი ვუპასუხე: " ვერ ვითამაშე კი არა, არ ვითამაშე-მეთქი. როდესაც გულწრფელობის ხარისხი ათასპროცენტიანია, შეიძლება საშინელება მოხდეს!
არის სხვა სპექტაკლებიც, სადაც მისტერიის განცდა ასევე ძალიან ძლიერია, თუნდაც "ლამარა" ან "მეთორმეტე ღამე". სცენას აქვს უცნაური თვისება, რაღაცეების მატერიალიზაცია ხდება და მერე ეს დაგყვება. მე თითქმის ყველაფერი, რაც ვითამაშე და სადაც ძალიან "გავიხსენი", ბედად მექცა. გამოცდილებას ესეც მოაქვს, გეუბნება, ასე "გახსნა" არ შეიძლება, ეს ნამუშევარსაც ეტყობა. ზემოთ რომ "ველურობა" ვახსენე, სწორედ ამას ვგულისხმობდი.

" მაყურებელი უყურებს სპექტაკლს სცენაზე, თამაშდება თუ არა რაიმე "სპექტაკლი" მსახიობისთვის დარბაზში?
" ერთი მსახიობია, ყველაფერს ამჩნევს სცენიდან " დედაშენია, ბიძაშენია, დეიდაშენია " ხედავს პარტერში ყველას. მე ეს არ შემიძლია, საერთოდაც, ვერ ვიტან გადაჭედილ დარბაზს და ვგიჟდები, როცა ხალხი ცოტაა. გაძეძგილ დარბაზში თითქოს ხმისა და ემოციისთვის ადგილი არ რჩება, ვერსად წარმართავ სათქმელს. სახეებს ხომ ვერ ხედავ, რაღაც ერთიანი მასა გეწინააღმდეგება, გხუთავს. ყველაფერი მომენტალურად უკან გიბრუნდება და უშნოდ გეხეთქება. როცა მაყურებელი ცოტაა, სულ სხვა გრძნობა გეუფლება, სიხალვათის, თავისუფლების. ეს სწორედ ის მაყურებელია, რომელიც ცუდ პირობებზეც თანახმაა, ოღონდ სპექტაკლი ნახოს.
კიდევ რას ვუყურებ? მე ხომ ძალიან ხშირად "მკვდარი" ვარ სცენაზე, ვწევარ და ვათვალიერებ იქაურობას. რა ლამაზია ეს სცენა, დარბაზი, ჩემი ანგელოზები მყავს, სხვადასხვა ფერის. კიდევ იცი რა მიყვარს და რა მაკვირვებს? სულ ზემოთ, იარუსის კიდეებში რომ არიან ხოლმე გადმოკიდებულნი, ნეტა რას ხედავენ? მახსოვს, ასე ვნახე კალდერონი და მარტო ზაზას გაშლილ ხელებს ვხედავდი. "ლამარაში" ზემოდან ვეშვები და ვხედავ რას აკეთებს მაყურებელი. ჯერ არ იცის, რომ უნდა ჩამოვიდე და ვფიქრობ: " ახლა ნახავთ! " უცებ მამჩნევენ და ყველა ჩემსკენ იცქირება, ჯერ ზედა იარუსები, შემდეგ პარტერი, თან თვალიერების უფლებაც მაქვს, როგორც უცხოს, "უცხოპლანეტელს". ადამიანები ბეღურებს გვანან და ისეთი ლამაზია ეს სცენა, გახსნილი, ვრცელი.

" რა არის თეატრის მაგია? ეუფლება თუ არა მსახიობს რელიგიური განცდა?
" ეს ძალიან ინტიმური კითხვაა. რადგან მსახიობი ადამიანია, მას უნდა სწამდეს ღმერთი. რელიგიურობა, ჩემი აზრით, იმას ნიშნავს, რომ წესი და ადათი შეასრულო. მსახიობისთვის ძალიან ძნელია იყოს ნამდვილად რელიგიური. თუ ძალიან მორწმუნე ხარ, მთელი არსებით, სცენაზე ვერ გაჩერდები, რადგან იქ უამრავი ტაბუ არსებობს, რომელთა დარღვევაც გიწევს. ეს ისეთი დილემაა ჩემს ცხოვრებაში, ისეთი განცდა მაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ არ ვიცი. არიან ადამიანები, რომლებიც ამას ათავსებენ, ისინი თვლიან, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ვერ დავეთანხმები, ყველაფერს აქვს თავისი წესი, თეატრსაც და რელიგიასაც. თეატრში ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებ შენს თავზე. ერთხელ, გოგი ხარაბაძემ ძალიან კარგად უპასუხა ამ კითხვას: - მე არასოდეს გარდავისახები ბოლომდე იმიტომ, რომ ამ გზით ეკლესიას არ ვეწინააღმდეგები, მე ინტერპრეტატორი ვარ და ჩემს მეს ყოველთვის ვინარჩუნებ. როდესაც სხვის ტყავში ძვრები, სრულად სხვად გარდაისახები, შენ ამით კანონზომიერებას არღვევ. მე ყოველთვის გავჩერდები იმ ზღვარზე, რომლის იქით სხვისი სულის აფორიაქება იწყებაო - ამაში სრულიად ვეთანხმები მას. მსახიობს სჭირდება ტალანტი და ოსტატობა იმისთვის, რომ აკრძალული საზღვარი არ გადალახოს, დოქტორ ჯეკილისა და ჰაიდის ისტორია არ დაემართოს. აი, სწორედ აქ არის ეკლესია. ამისგან გვიცავს და გვაფრთხილებს. ამიტომ მიყვარს, როდესაც რეჟისორის ჩანაფიქრი სიკეთეს ემსახურება, ასაკთან ერთად პასუხისმგებლობის გრძნობაც მემატება. "ხანჟა" არასოდეს ვყოფილვარ, სითამამე არასოდეს მაკლდა, მაგრამ ახლა, ზოგჯერ ვფიქრობ, ნუთუ ამის გარეშე არ შეიძლებოდა? ამიტომ, როდესაც ვუყურებ ზოგიერთ ფილმს, სპექტაკლს, სულ უფრო ხშირად ვფიქრობ v არა, მე ამაში ვერ ვითამაშებ!

" თანამედროვეობა მსახიობის წინაშე ახალ აქამდე უჩვეულო ამოცანებსაც აყენებს თუნდაც იმავე რეკლამის"სახით""
" კარგი რეკლამა ნამდვილად ხელოვნებაა. ჩვენთანაც არის უკვე ამ სფეროში მიღწევები იუმორი, ლაკონურობა. თუმცა მე დიდი სიფრთხილით ვეკიდები ამ სფეროს და ყველა წინადადებაზე ნამდვილად არ ვაპირებ დათანხმებას. ვერც კი წარმომიდგენია, რას უნდა გავუკეთო რეკლამირება. მაგთიკომი, ამ შემთხვევაში, გამონაკლისია. როდესაც მაგთი GSM-ის რეკლამაში გადამიღეს, ამ საქმის გამოცდილება ჯერ თითქმის არ არსებობდა, ასე რომ სერიოზული მუშაობა დაგვჭირდა. ზომირება უნდა დაგეცვა, ფორმა უნდა მონახულიყო. რეკლამას კიდევ ერთი თვისება აქვს, ის ნამდვილად საჯაროა, საყოველთაო. ლიკანში ვისვენებდით. ჩემს ქმარს განუწყვეტლივ უხდებოდა მობილური ტელეფონით საუბარი. ეტყობა ეს სხვებმაც შენიშნეს ერთმა გოგონამ მოირბინა ჩემთან და მითხრა, როგორ აგიხდა, არა, შენი რეკლამის ისტორიაო?!
ამ რეკლამას პატარა საიუბილეო ფილმიც მოჰყვა, აქ გადაღებები გაცილებით უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ვიღებდით ზღვაზე, მთაში. გადამღები ჯგუფიც ძალიან კარგი იყო, ცდილობდნენ შემოქმედებითად მიდგომოდნენ საქმეს. მაგრამ, ისევ გავიმეორებ, რეკლამას ძალიან ფრთხილად ვეკიდები და ალბათ სხვას ვერაფერს გავუწევ რეკლამირებას.
კინო უფრო დიდ შესაძლებლობას იძლევა, თუმცა, სამწუხაროდ, დღესდღეობით ჩვენთან ამ თვალსაზრისით ბევრი არაფერი ხდება. ისიც კი ვერ მოხერხდა, რომ ჩემი ნამუშევარი ჩალდრანიანის ფილმში "დუმილის სიმფონია", საქართველოში ეჩვენებინათ. არა და ეს ფილმი უკვე მრავალ პრესტიჟულ ფესტივალზე იყო წარმოდგენილი. ჩემმა დამ, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, მითხრა, რომ სენ მიშელზე უზარმაზარი პლაკატი იყო გამოფენილი ჩემი გამოსახულებით. იმედი მაქვს, რომ, ბოლოსდაბოლოს, ქართველებსაც მიეცემათ ამ ფილმის ნახვის შესაძლებლობა.