ფოტოაპარატი ტელეფონში

ფიჭური ტელეფონი მასში ჩამონტაჟებული ფოტოაპარატით ჩვენ ბაზარზე ახლახან გამოჩნდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში კი, სადაც ამ ტექნიკას აწარმოებენ, უკვე საკმაოდ პოპულარულია. ტელეფონის კონცეფცია, რომელშიც ფოტომოდულია ჩამონტაჟებული (ფაქტობრივად სმარტფონი " "ჭკვიანი" ტელეფონი) მიმზიდველად გამოიყურება. ის, ერთდროულად, კავშირგაბმულობის უნივერსალურ მოწყობილობას, ელექტრონულ ორგანაიზერს (რომელიც ჯიბის კომპიუტერის ფუნქციას ასრულებს) და, იმავდროულად, ციფრულ ფოტოაპარატსაც წარმოადგენს. ეს ფუნქციები ტელეფონის კომპაქტურ კორპუსშია მოთავსებული, რომელიც ჯიბეშიც ეტევა, ქამარზე ჩამოკიდებულ სპეციალურ ბუდეშიც შეიძლება მოთავსდეს, პორტფელშიც და ქალის ხელჩანთაშიც...
დასავლეთში კომუნიკატორებზე დიდი მოთხოვნილება ალბათ იმიტომაა, რომ ისინი ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციაში გამოსადეგ უნივერსალურ მოწყობილობებს წარმოადგენენ (აბა სცადეთ და "იქ" იგივე Treo შეიძინეთ " ძებნა მოგიწევთ). ფიჭური ტელეფონი კი უფრო უნივერსალურია " მარტივია, როგორც კავშირგაბმულობის საშუალება და კომპაქტურია, როგორც ჯიბის კომპიუტერი. და, უბრალოდ, უფრო მოსახერხებელია სამართავად.
თანამედროვე სმარტფონი, ჩამონტაჟებული ციფრული კამერით, ფერადი გრაფიკული ეკრანის მქონე ტელეფონია, რომელსაც სურათები შემცირებული გამოსახულებითაც (პრევიუ) შეუძლია გამოიყვანოს და სრული ფორმატითაც (ფოტოს დეტალური დათვალიერებისთვის ეკრანზე კადრის ფრაგმენტების გადაადგილების საშუალებით). პრაქტიკაში სმარტფონის მუშაობა შეიძლება შემდეგგვარად აღვწეროთ: ვთქვათ, შეხვედით მაღაზიაში. შენიშნეთ ნივთი, რომლის ყიდვაც გსურთ, მაგრამ ფასი არ გაძლევთ საშუალებას გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ, "უძვირფასესი მეორე ნახევრის" დასტური გჭირდებათ. იღებთ ტელეფონს, სასურველ ნივთს ტელეფონითვე უღებთ სურათს, უგზავნით მეუღლეს და პასუხსაც დაუყოვნებლივ ღებულობთ: "შეიძინე ძვირფასო"...

სმარტფონი
SonyEricsson P800

ფოტოაპარატის კამერის "თვალი" ტელეფონის უკანა კედელზეა ჩამონტაჟებული და ვინაიდან დამხმარე ფუნქციას ასრულებს, ღილაკები ცალკე არა აქვს " მართვა ტელეფონის სტანდარტული კლავიატურის საშუალებით ხდება. ამის გამო ტელეფონის ღილაკები ფუნქციონალურად აშკარად გადატვირთულია. საჭიროა მათი დანიშნულების შესწავლა და დაზეპირება " სხვაგვარად "ფოტოტელეფონის" მართვა შეუძლებელია.
შუქმგრძნობიარე სენსორი ზომით საკმაოდ პატარაა და CMOS ტიპისას განეკუთვნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მგრძნობიარობით, დინამიური დიაპაზონით და ხმაურის მახასიათებლებით არ გამოირჩევა. მცირეა მისი გარჩევითობაც " მსგავსი ფოტოაპარატები ქაღალდზე ანაბეჭდის მისაღებად არ ვარგა და მხოლოდ კომპიუტერის ეკრანზე დასათვალიერებელი სურათებისთვის, ვებ-გვერდების ილუსტრაციების, ელექტრონული ფოსტის შეტყობინებებისა და სხვადასხვა სახის ცნობარებისთვის (მაგალითად მისამართს წიგნაკში რესპონდენტის პორტრეტიც რომ დაერთოს) შეგვიძლია გამოვიყენოთ.
გამარტივებული ოპტიკა, სენსორის დაბალი შუქმგრძნობიარობა, ექსპოზიციური ავტომატიკისა და ელვა-ნათურის არარსებობა სერიოზულ ნაკლს არ წარმოადგენს. სურათები მცირე ზომისა მიიღება და, ამიტომ, საკმაოდ ადვილი გასაგზავნია უმავთულო კავშირის მეშვეობით (ყველა ახალ მულტიმედიურ სმარტფონს თან ახლავს GPRS მონაცემების პაკეტური გადაცემის და მოკლე მულტიმედიური შეტყობინებების სერვისის MMS ოქმები).
დასასრულ კი მოკლედ რომ ვთქვათ, ფოტომოდულით უზრუნველყოფილი სმარტფონი მაღალი ხარისხის სურათების მისაღებად არ არის გათვლისწინებული, მაგრამ მხოლოდ ინფორმაციული დატვირთვის მქონე ფოტოს სწრაფი გაცვლისათვის შესანიშნავია.