ქართული მეცენატობის ისტორიიდან:
დავით სარაჯიშვილი

"ყველგან და ყველაფერში უნდა იყო
პატიოსანი ადამიანი, ეს უფრო მეტია,
ვიდრე იყო მილიონების პატრონი".
დავით სარაჯიშვილი

"დავითს... შორსმხედველი, განვითარებული გონება ჰქონდა და ამიტომ სიმდიდრე მისი მსახური იყო და არა ბატონი; კარგად იცოდა, რომ ფული ძალიან ცუდი ბატონია და მოსამსახურედ კი " მეტად კარგი მოსამსახურე, და მოიმსახურა კიდეც მოძმეთა საკეთილოდ, თავის ქონებას, ფულს კეთილი გული და მშვენიერი სული დაუყენა წინამძღვრად და მოურავად და ამით უკვდავების ძეგლი დაიდგა ყველა ქართველის გულში".

არტემ ახნაზაროვი,
"სახალხო გაზეთი", N336, 25. 06. 1911 წელი.

დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი, 155 წლის წინ, 1848 წლის 28 ოქტომბერს, შეძლებული მოქალაქის, სოვდაგრისა და მემამულის ოჯახში დაიბადა. სარაჯიშვილების წინაპრებს XVIII საუკუნის დასაწყისში ვახტანგ VI-სგან მიუღიათ მოქალაქის ტიტული.
ამ პერიოდში აღებ-მიცემობაში გაწაფულ თბილისის მოქალაქეებს "დაუცხრომლად და მღვიძარად" უწარმოებიათ სავაჭრო საქმეები. ვაჭართა წარმატებული საქმიანობით გახარებულ ვახტანგ მეფეს, მათი წახალისებისა და სამოქალაქო ცხოვრების გამოცოცხლების მიზნით, შემოუღია თბილისის მოქალაქის წოდება. დავითის წინაპრები, ისევე, როგორც მათი ღირსეული შთამომავალი, ქველმოქმედებითა და სამშობლოზე უანგარო ზრუნვით გამოირჩეოდნენ.
დავითის სულიერ აღზრდაში, მამასთან ერთად, დიდი წვლილი დედას " შესანიშნავ მანდილოსანს, ზაქარიას მარჯვენა ხელს და ოჯახის ბურჯს " ელისაბედ სოლომონის ასულ სავანელს მიუძღვის. მეუღლის დარად ელისაბედიც გულმოწყალე, ღარიბთა გამკითხავი, ძველი ქართული სიბრძნე-გონიერებით აღვსილი და განათლებული ქალბატონი ბრძანდებოდა.
პირველდაწყებითი განათლების სახლში მიღების შემდეგ, დავითი ჯერ "ჰაკეს" პანსიონში სწავლობს, შემდეგ კი, 1866 წელს, წარჩინებით ამთავრებს ვაჟთა პირველ კლასიკურ გიმნაზიას. იმავე წელს, მომავალი მრეწველი, პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე წარმატებით აბარებს მისაღებ გამოცდებს. ერთი წლის შემდეგ კი სწავლას გერმანიაში აგრძელებს. ჯერ მიუნხენში, შემდეგ კი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელსაც, 1871 წელს, ქიმიის დოქტორის ხარისხით ამთავრებს. ამავე წელს იცავს დისერტაციას ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. დავითი მიღწეულით არ კმაყოფილდება და, 1878 წლამდე, აგრძელებს სასოფლო-სამეურნეო მეცნიერების შესწავლას ჯერ ჰოჰენჰაიმსა და ჰალეში, ხოლო 1878-79 წლებში საფრანგეთში, სადაც საფუძვლიანად ეუფლება მეღვინეობა-მევენახეობის დარგებს. დავითი ისე გაიტაცა არყის, ლიქიორის და, განსაკუთრებით, კონიაკის წარმოებამ, რომ გადაწყვიტა მთელი ცოდნა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ამ საქმის დაფუძნება-განვითარებისათვის შეელია.
დავითის სამშობლოში დაბრუნება მამის გარდაცვალებამ (1880 წ. 26 მაისი) დააჩქარა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი დაქორწინდა ცნობილი თბილისელი მოქალაქის, მდიდარი ვაჭრისა და მოიჯარადრის ივანე ფორაქიშვილის ასულ ეკატერინეზე. ეკატერინესაც კარგი განათლება ჰქონდა მიღებული და გარდა ქართულისა, მშვენივრად ფლობდა რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს.
ზაქარიას მიერ ვაჟისთვის ნაანდერძევ 700 ათას მანეთს, უშვილოდ გარდაცვლილი ბიძის სოლომონ დავითის ძე სარაჯიშვილის ქონებაც დაემატა. დამწყებმა მრეწველმა ეს მემკვიდრეობა აზრიანად და საქმიანად მოიხმარა და, ძალზე მოკლე დროში, ერთი-მეორეს მიყოლებით, სპირტიანი სასმელების ქარხნები შეიძინა, ააშენა და განაახლა.

სარაჯიშვილის ფირმის საქმიანობა XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში მეტად მრავალმხრივი იყო და დიდ წარმატებას მიაღწია. იგი მოიცავდა ალკოჰოლიანი სასმელების თითქმის ყველა სახის წარმოებას " ხდიდა არაყს, ასუფთავებდა სპირტს, ამაგრებდა ღვინოს, ახდენდა სპირტის დენატურაციას, ამზადებდა სხვადასხვა სახის ლიქიორს, ნაყენს, რომს, ხდიდა საკონიაკე სპირტს და ამზადებდა კონიაკს. სარაჯიშვილამდე რუსეთის იმპერიის მასშტაბით არავის უცდია საკონიაკე სპირტის ღვინომასალების აქტიური ბალანსის დადგენა, საკონიაკე სპირტის ფრანგული ტექნოლოგიით გამოხდა და მუხის კასრებში დაძველება. მიუხედავად იმისა, რომ სარაჯიშვილმა შესანიშნავად იცოდა კონიაკის წარმოების როგორც თეორია ისე პრაქტიკა, მაინც საფრანგეთიდან გამოიწერა ლიქიორისა და კონიაკის წარმოების სპეციალისტები. მალე მისმა ნაწარმმა ღირსეული კონკურენცია გაუწია ევროპიდან შემოტანილ სასმელებს. XX საუკუნის დასაწყისისათვის რუსეთის იმპერიის ბაზრის ორ მესამედზე მეტი სარაჯიშვილის პროდუქციამ დაიკავა. საერთო აღიარებით არამარტო საქართველოში და კავკასიაში, არამედ რუსეთის იმპერიაშიც, დავით სარაჯიშვილი კონიაკის წარმოების პიონერი და ფუძემდებელი იყო. მისი პროდუქციით მომხმარებელმა სუფთა ღვინის სპირტისაგან დამზადებული, ყოველგვარი მინარევებისაგან თავისუფალი მაღალი ხარისხის კონიაკი მიიღო. 1899 " 1913 წლებში სარაჯიშვილის პროდუქცია 14 მედლით დაჯილდოვდა, რომელთა შორის 8 ოქროსი იყო.

ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი " ქალბატონი რუსუდანი " რომელიც დავით სარაჯიშვილს ზეადამიანად თვლიდა და მას კაცთმოყვარეობისა და კეთილშობილების მოციქულს ეძახდა, იხსენებს: "ერთხელ ჩვენთან ბინაზე ყოფნისას აკაკიმ იხუმრა: რა მეშველება, ჩემო ნიკო, დავით სარაჯიშვილი რომ არ მყავდესო. " არაფერია, ჩემო აკაკი, შენ გაუძლებ სიღარიბეს, მაგრამ რა ეშველება ქართულ თეატრს, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ღარიბ მსახიობებსა და მოსწავლეებს უდავითოდ?"
დავით სარაჯიშვილი მდიდარი, წარმატებული მეწარმე იყო, მაგრამ, სხვა შეძლებული ადამიანებისგან განსხვავებით, მისთვის ფული თვითმიზანი კი არა, საშუალება იყო ქველმოქმედებისთვის. ალექსანდრე ხახანაშვილი სარაჯიშვილისადმი მიძღვნილ ნეკროლოგში წერს: "არც ერთი საქვეყნო საქმე არ დაწყებულა ამ 30 წლის განმავლობაში, რომ დავით ზაქარიას-ძეს თავისი წვლილი არ შეეტანოს, მატერიალური დახმარება არ გაეწიოს. გაზეთ-ჟურნალის, წიგნის გამოცემა, სცენის მოყვარეთა, მომღერალთა, მემუსიკეთა და მეცნიერთა გამოზდა, ეკლესიის და სკოლის გამშვენება, ღარიბ-უძლურთა გაკითხვა, უცხოელ და შინაურ მოღვაწეთა გამასპინძლება და მათი ერთმანეთთან დაახლოება " ყველა ეს შეადგენდა საზრუნავ საგანს გარდაცვალებული დავითისათვის". რაც უფრო მეტს იგებ სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინეს შესახებ, მით მეტი პატივისცემითა და მოწიწებით იმსჭვალები მათ მიმართ.
სარაჯიშვილების ორივე სახლი, სერგიევის N13-ში (დღევანდელი მაჩაბლის N13) და სასახლის ქუჩაზე, სტუმართმოყვარეობით იყო ცნობილი.
დავითის სახლში, სასახლის ქუჩაზე, კვირაში ერთხელ თავს იყრიდნენ ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. კითხულობდნენ ამა თუ იმ მწერლის ნაწარმოებებს, იმართებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რომელიც მთავრდებოდა ვახშმით, ქეიფით. იაკობ მანსვეტაშვილი იგონებს: "მოსვენებას არ ვაძლევდით ილიას, გვინდოდა, რომ "ივერიისთვის" რაიმე ახალი მოთხრობა მოეცა. ვიცოდით, რომ ჩანასახად უკვე აქვს დაწყებული მოთხრობა, რომლისთვისაც წინა განზრახვა ჰქონია, მგონი "გიორგი" ეწოდებინა სახელად, მერე კი "ოთარაანთ ქვრივი" დაარქვა... ახლად შობილს მონათვლა უნდოდა. განუყრელი, უცვლელი ნათლია ილიას ნაწარმოებებისა დავით სარაჯიშვილი იყო: იმდენად გულუხვი, პატივცემული ნათლია, რომ ნათლობასაც თვითონვე იხდიდა თავის სტუმართმოყვარე სახლში. ასე იყო მონათლული "განდეგილი" და ამ წესრიგს არც ახლა გადაუდგა სარაჯიშვილი. საღამოს რვა საათი იქნებოდა, სარაჯიშვილის ფართო, მდიდრულად მოწყობილ სახლში, სოლოლაკში, დიდძალ ქართველობას მოეყარა თავი...
ილიამ წაიკითხა თავისი მოთხრობა. ამასობაში კარგა ხანმა გაიარა. შუაღამე გადასული იყო, პურადმა მასპინძელმა, დავით სარაჯიშვილმა, ყველანი ვახშმად მიგვიწვია. შევედით დიდ სასადილო ოთახში, სადაც დიდებული სუფრა იყო გაშლილი. ვახშამმა მხიარულად ჩაიარა. მეტადრე ლაზათი დასდო სუფრას თამადამ, მოხუცმა რაფიელ ერისთავმა".
სასახლის ქუჩაზე მდებარე სახლში იყო მოთავსებული ერთ დროს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. 1887 წელს, აქ რამდენიმე თვე იცხოვრა აკაკი წერეთელმა, ცოტა ხანს ცხოვრობდნენ ივანე მაჩაბელი და არტურ ლაისტი.
900-იანი წლების დასაწყისში, დავითმა, სოლოლაკში, დღევანდელი მაჩაბლის ქუჩაზე, მამა-პაპეული სახლი დაანგრია და, არქიტექტურის უკანასკნელ მიღწევათა გათვალისწინებით, ახალი ააგო. ამ სახლში, სადაც მოსიყვარულე მეუღლეებმა, 1905 წლის სექტემბერში, "ვერცხლის ქორწილი" აღნიშნეს, დღეს საქართველოს მწერალთა კავშირია განთავსებული.



"რას მიქვიან უშვილობა! განა ყველა ბავშვი, მომავლის იმედად აღსაზრდელი, ქვეყნის საკეთილოდ განსაწვრთნელი და განსასწავლი ჩემი შვილები არ არიან?!" " ამ სიტყვების ავტორმა, 1888 წელს, თბილისის მთავარ კანტორასთან, ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით, სპეციალური კომიტეტი დააარსა, რომელსაც ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდობის გამოვლენა და რუსეთსა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში ყოველმხრივი ხელშეწყობა ევალებოდა. ქველმოქმედს, მარტო სტიპენდიებისათვის, ყოველწლიურად 30 ათასი მანეთი ჰქონდა გამოყოფილი და ამავე დროს სტუდენტებს ერთდროულ დახმარებასაც უწევდა. დავითის სტიპენდიანტები იყვნენ: კომპოზიტორები " დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი; მხატვრები " მოსე თოიძე, გიგო გაბაშვილი, გრიგოლ მესხი, შალვა ქიქოძე, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე; მომღერლები " ვანო სარაჯიშვილი, ვალერიან ქაშაკაშვილი; პროფესორები " სოლომონ ჩოლოყაშვილი, მიხეილ შალამბერიძე, სარგის კაკაბაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ილია ყიფშიძე, მოსე ჯანაშვილი, შემდგომში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე), არჩილ ქართველიშვილი. ფულად დახმარებას უწევდა აკაკი შანიძეს, პარიზში სასწავლებლად მყოფ დავით კასრაძესა და კონდრატე თათარაშვილს (უიარაღოს), ბრიუსელში თედო სახოკიასა და გერონტი ქიქოძეს.
სარაჯიშვილისადმი გამოსათხოვარ სიტყვაში იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი ბრძანებს: "დავითს რომ ყოველწლობით თავისი გონივრული და წინდახედული მოღვაწეობით მოხვეჭილი სიმდიდრიდან ასი და ორასი ათასობით კეთილ საქმეებზე არ ეხარჯნა, სხვა მილიონერებივით ოც და ორმოც მილიონის ქონებას დასტოვებდა, მაგრამ მან უფრო უკეთეს ბანკში დასტოვა თავისი სიმდიდრე, ეს ბანკი არის მისი მშობელი ხალხი, რომელიც მას თავდავიწყებამდინ უყვარდა. ქონება მის ხელში იყო საშუალება სამშობლოს აღდგენისა და ძველებურად აყვავებისა, მხოლოდ, რა თქმა უნდა, ახალ ისტორიულ პირობებში".
1906 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (რომელსაც 1918 წლამდე გიმნაზიას უწოდებდნენ) საძირკველში, დავით სარაჯიშვილმა ერთი მუჭა ოქრო ჩაყარა, ნიკო ცხვედაძეს, რომელიც ამ საქმეს თავკაცობდა, 60 ათასი მანეთი გადასცა და უთხრა: "აჰა, ჯერ ეს იკმარე, ოღონდ ნურსად გამამჟღავნებ, დაიწყე საქმე და რამდენიც დაგჭირდება აქა ვარ". იაკობ მანსვეტაშვილი გადმოგვცემს, რომ უნივერსიტეტის შენობის მშენებლობისათვის სარაჯიშვილი არას ზოგავდა, საკომისიო ბანკებში მის თამასუქებს ასი ათასობით ანაღდებდნენ.
რომ არა დავით სარაჯიშვილის გულუხვი მატერიალური დახმარება XIX საუკუნის 90-იან წლებში დაარსებული მცხეთის სვეტიცხოვლის სარესტავრაციო კომიტეტისთვის, რომელიც დიდუბის, მთაწმინდის, ლურჯი მონასტრის, ქაშვეთისა და სხვა ისტორიული ძეგლების დაცვისა და აღდგენისთვისაც ზრუნავდა, დღეს ჩვენ ბევრი ისტორიული ძეგლი აღარ გვექნებოდა. როცა გადაწყდა ქაშვეთის ეკლესიის ძველი, დაბზარული შენობა ახლით შეეცვალათ, დავითის რჩევით კომისიამ (კალისტრატე ცინცაძე, ნიკო ცხვედაძე, ექვთიმე თაყაიშვილი) ახალი პროექტის შედგენაზე უარი თქვა და სამთავისის ეკლესიის (1030 წელი) ასლის აგება გადაწყვიტა. ეს მშენებლობაც სარაჯიშვილმა დააფინანსა.
1901 წელს, ილიას შემდეგ "ივერიას" ალექსანდრე სარაჯიშვილი ჩაუდგა სათავეში. გაზეთს გაუჭირდა და შეიძლება დახურულიყო კიდეც. თავ. კონსტანტინე მუხრანსკის და დავით სარაჯიშვილის ნივთიერმა დახმარებამ გაზეთი გადაარჩინა. მეცენატი დახმარებას უწევდა თბილისში სახალხო თეატრის მშენებლობას. სოლიდური ფულადი სახსრები გაიღო ავლაბრის სახალხო თეატრის ასაგებად. მის სახელს უკავშირდება ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმატებული საქმიანობა, "ქართველი გლეხების აღმდგენელი კომიტეტის", ლადო აღნიაშვილისა და იოსებ რატილის გუნდების, საისტორიო-საეთნოგრაფიო და სხვა საზოგადოებების შექმნა.
როდესაც დავითმა 1907 წლის ზაფხულში შეიტყო ექვთიმე თაყაიშვილის განზრახვა ახალციხე-ახალქალაქ-არტანის მაზრებში არქეოლოგიური ექსპედიციების მოწყობის შესახებ, მაშინვე დაიბარა და თავისი ხაზინიდან გარკვეული თანხა მისცა.
ფილიპე გოგიჩაიშვილი იხსენებს: "გაცემას ყოველთვის ისეთ ხასიათს აძლევდა, თითქოს იგი თავისთავად მიმღებს ეკუთვნოდა და მის პიროვნებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. თავმდაბლობა, გულკეთილობა და გულწრფელობა გამოსჭვიოდა ყოველს მის მოქმედებაში და ყველა ეს ჩვენ გვხიბლავდა და მის თავს გვაყვარებდა..." ქუთაისში სარაჯიშვილს ახალგაზრდა კაცი წარუდგინეს და გაასინჯეს მის მიერ წარმოებული ლიმონათი. ცნობილ მრეწველს მოსწონებია სასმელი და უკითხავს, რატომ არ გააფართოებ წარმოებასო, რაზეც ახალგაზრდამ უპასუხა " უსახსრობა მიშლის ხელს და თუ დამეხმარებით, კარგი იქნებაო. დავითი უყოყმანოდ დაეხმარა. ეს კაცი მიტროფანე ლაღიძე იყო.
დავით სარაჯიშვილის ერთ-ერთი ქარხნის მუშა გრიგოლ შახნაზაროვი მეწარმის დაკრძალვის დღეს გამოსათხოვარ სიტყვაში ამბობს: "შენ სხვა მეპატრონესავით არა ადამიანებად არ გვთვლიდი. შენ სიამოვნებით მიიღე ჩვენი წინადადება, როცა მოვითხოვდით ქარხანაში სამუშაო დროით ცხრა საათის შემოღებას. შენ იმის მეტი არაფერი გითქვამს, რომ თუ ნორმალური დასვენება გინდათ, ეგ ნორმალური არ არის, ამის შემდეგ შენ ტელეფონით მოახდინე განკარგულება, რომ რვა საათის სამუშაო დრო ყოფილიყო შემოღებული. შენ პირველმა დაგვითმე ორი კვირით დასვენება ჯამაგირის შენახვით, და აღტაცებით შეჰხვდი, როცა ჩვენ სამკითხველოს დაარსება მოვითხოვეთ შენგან შენს ქარხანაში. ამისათვის ყოველივე ხარჯები სიამოვნებით იკისრე".
1910 წელს დავითს უკურნებელი სენი შეეყარა. მას ვერ უშველა ბერლინში გაკეთებულმა ოპერაციამ და 1911 წლის 20 ივნისს დიდებული ქართველი საშინელი ტანჯვით გარადაიცვალა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე დავითს გერმანიაში დაუჩივლია: "ვკვდები, რა დამშვიდებით მოვკვდებოდი, რომ სამშობლოს იმედი მიმყვებოდეს". საქართველომ დიდი გულისტკივილით დაიტირა ღვიძლი შვილი. იმ დღეებში "სახალხო გაზეთი" წერდა: "ამბობენ, ავადმყოფი, მძიმე სენით შეპყრობილი, მომაკვდავი ადამიანი დიდი ეგოისტი ხდებაო. თვალი გადაავლეთ დავითის უკანასკნელ სიტყვებს " იმის ანდერძს და დარწმუნდებით, რომ ამ მხრივაც ეს შესანიშნავი ადამიანი განირჩეოდა სხვათაგან, ღირსეულის ანდერძით დააგვირგვინა მან თავისი კეთილი და ნაყოფიერი სიცოცხლე და კუბოს კარების წინაშეც მისი უკანასკნელი სურვილი საერო, საქვეყნო ჭირის გაზიარება იყო. ჭეშმარიტად იმაზედ არის გამოჭრილი გურამიშვილის სიტყვები: "მოკვდა და თვისის ანდერძით, აწ ისევ საქმობს მკვდარიო"!..
ანდერძმა კი, რომელიც მეუღლისაგან ფარულად, 1910 წელს, ბერლინისკენ მიმავალმა, როსტოვში გააფორმა, საზოგადოება გააოგნა: პირადი ქონების უდიდესი ნაწილი, უძრავი და მოძრავი ქონება საქართველოს დაუტოვა!
იაკობ გოგებაშვილი დავითის გარდაცვალების შემდეგ წერდა: "მე ამჟამად არ ძალმიძს აღვნუსხო არც დიდი ამაგი განსვენებულისა და არც მისი უმაგალითო ქველ-მოქმედება. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ განსვენებულს მამისგან დარჩა მცირედი თანხა, და მან ეს თანხა თავისი ცოდნით და მხნეობით მილიონებად გადააქცია... და ბოლოს, მთელი თავისი დიდი ქონება, შეძენილი პატიოსანი გზით და უმწიკვლო მოქმედებით, მან დაუტოვა ქვეყანასა".
1916 წლის აგვისტოში, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ახალგაზრდა, მაგრამ ჯანმრთელობა შერყეული ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილისა გარდაიცვალა. "ნუ დამკრძალავთ დიდებულად, არ ვსაჭიროებ არც გვირგვინთ, არც დიდ ძეგლს, ბევრი არ დამახარჯოთ და ქონება ჩემსა ერსა გაუბოძეთ". იგი თანამეცხედრეს გვერდით, დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. "თეატრი და ცხოვრება" მკითხველს აუწყებდა: "დავითის გარდაცვალების შემდეგ ქმრისეულ სამრეწველო-საქარხნო საქმეებს სათავეში ჩაუდგა და წარმოება არა თუ შეამცირა, გაასამკეცა. ყველგან და ყველაფერში თვით მონაწილეობდა, საქმეს გონივრულად მართავდა". ეკატერინემაც, დავითის მსგავსად, თავისი უძრავ-მოძრავი ქონების დიდი ნაწილი სამშობლოს უანდერძა.

P.S.

1939 წელს, საქართველოს სსრ-ს ხელმძღვანელობის მითითებით, ქალაქის საბჭოს მიერ გაცემულ დოკუმენტში, რომლის ადრესატები დავითისა და ეკატერინეს ნათესავები იყვნენ, ეწერა: "პანთეონისათვის გამოყოფილ ნაკვეთზე უნდა დაკრძალული იქნან ის პირნი, რომელთა მოღვაწეობაც ლიტერატურის, მეცნიერების და ხელოვნების დარგშია ცნობილი. დ. სარაჯიშვილი და მისი მეუღლე კი, რადგანაც არ ეკუთვნიან აღნიშნულ კატეგორიას, პანთეონის ნაკვეთზე დატოვებულთა სიაში არ არიან. ამიტომ, გევალებათ დ. სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის ნეშტი გადაიტანოთ სხვა სასაფლაოზე 10 დღის ვადაში. პანთეონის დირექტორი ვ. ენიკოლოფაშვილი".
1939 წლის 1 დეკემბერს დავით და ეკატერინე სარაჯიშვილების ნეშტები ვაკის სასაფლაოზე გადაასვენეს.
1995 წლის 24 ივნისს სარაჯიშვილის მოწაფეებისა და მისი ღვაწლის თაყვანისმცემელთა მცდელობით დავით და ეკატერინე სარაჯიშვილების ნეშტები ვაკის სასაფლაოდან გადმოასვენეს და ქაშვეთის ტაძრის ეზოში დაკრძალეს.
დღეს შეიძლება მავანმა იფიქროს, რომ საქართველომ მოიხადა ვალი დავით სარაჯიშვილისა და ეკატერინე ფორაქიშვილის წინაშე, მაგრამ თავს უფლებას მივცემთ, არ გავიზიაროთ ეს ჰიპოთეტური შეხედულება. შთამომავლები მხოლოდ მაშინ შევძლებთ ჩავთვალოთ თავი ვალმოხდილად დიდ მამულიშვილთა წინაშე, როცა ასრულდება მათი ოცნება და ქვეყანაში გაიმარჯვებს სამოქალაქო ცნობიერება, ცხოვრების პატიოსანი წესი და ის ღირებულებები, რომლებსაც ამკვიდრებდნენ დიდი ილია, დიდი დავით სარაჯიშვილი და ყველა მათი თანამოაზრე.