მაგთიკომი - შესაძლებლობის ახალი ფურცელი

მაგთიკომი - შესაძლებლობის ახალი ფურცელი

16 / ივნისი / 2023

მაგთიკომი საოცნებო სამსახურად საქართველოს შრომით ბაზარზე დაარსების დღიდანვე იქცა. რას ნიშნავს, ლიდერის ფილოსოფიის მქონე კომპანიის გუნდის წევრობა, როგორ ახერხებს მაგთიკომი ნებისმიერი სახის გამოწვევაზე მუდმივ მზადყოფნას, რა წვლილი შეაქვს კომპანიას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში - ნეოსტუდიის შეკითხვებს მაგთიკომის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ზარიძე პასუხობს.

განათლება:

ქ. თბილისის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის N42 ფიზიკა-მათემატიკური სკოლა
ინჟინერ-ეკონომისტი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამართალმცოდნე – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კვალიფიკაცია და პროფესიული განვითარება
Certified Public Accountant (CPA) – საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია
სერტიფიკატი ზოგად აუდიტში – საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საბჭო
ISO 9001 Lead Auditors Certificate – EXCEL PARTNERSHIP, LONDON,UK
Masters’s Certificate in Project Management – The George Washington University, School of Business

20 წელზე მეტია, მაგთიკომში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობთ. რა იყო თქვენი სტიმული მაშინ და რა არის თქვენი მოტივაცია ახლა?

პირველად მაგთიკომთან თანამშრომლობა აუდიტორული კომპანიის მეშვეობით დავიწყე. ძალიან გამიმართლა, როდესაც ახალ პროექტში ჩამრთეს და ეს პროექტი სწორედ მაგთიკომის საგადასახადო აუდიტი გახლდათ. პროფესიიდან გამომდინარე, კარგად ვიცნობდი სხვადასხვა კორპორაციული კულტურისა თუ საქმის წარმოების წესების ორგანიზაციებს, რომლებიც ბიზნესის სხვადასხვა სფეროში ოპერირებდნენ. თუმცა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაგთიკომში სრულიად განსხვავებული ბიზნესგარემო დამხვდა. დაუჯერებელი იყო საქართველოში, საბაზრო ეკონიმიკისა და ბიზნესის ფორმირების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე, ასეთ მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული კომპანიის არსებობა. მაგთიკომი იმთავითვე იყო ლიდერის ფილოსოფიის მქონე ორგანიზაცია, ადამიანების ბრწყინვალე გუნდით, რომელსაც ცხადად ჰქონდა ჩამოყალიბებული საკუთარი მისია, ხედვა, ღირებულებები და თანმიმდევრულად მიჰყვებოდა დასახულ ამოცანებს.  მაგთიკომში მაღალი სტანდარტი შეიმჩნეოდა ყველგან – ოფისის მოწყობით დაწყებული, ტელეკომუნიკაციების დარგში წამყვანი საერთაშორისო კომპანიების მობილური სადგურებითა თუ სხვადასხვა აპარატურით დამთავრებული. ფინანსური აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფაც კი ამერიკული იყო. ბავშვობიდანვე მიტაცებდა ელექტრო და რადიო მოწყობილობები, თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს მომავალ პროფესიას ტელეკომუნიკაციას დავუკავშირებდი. ასე რომ, პირველივე შეხებამ მაგთიკომთან არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ ემოციურადაც დამაკავშირა და არც იყო  გასაკვირი, ასეთ კომპანიაში მუშაობა მომდომებოდა. საბედნიეროდ, ეს სურვილი რეალობად მალევე იქცა და უკვე 22 წელია, რაც მაგთიკომის თანამშრომელი ვარ. საგადასახადო საკითხებში მენეჯერობიდან გენერალური დირექტორის მოადგილეობამდე გრძელი გზა გავიარე: შიდა აუდიტის სამსახურის უფროსიც ვიყავი და ფინანსური დირექტორის პირველი მოადგილეც.   პროფესიონალთა შესანიშნავ გუნდთან მუშაობა მაშინაც მხიბლავდა და ახლაც. სწორედ ამ გუნდთან ერთად, ერთმანეთის გვერდით დგომითა და ძალისხმევით, უამრავი საინტერესო და რთული პროექტი განვახორციელეთ. ამ წლების განმავლობაში ძალიან ღირებული გამოცდილება შევიძინე, ბევრი რამ ვისწავლე და გადავაფასე.

რაც შეეხება ამჟამინდელ მოტივაციას, სატელეკომუნიკაციო დარგი იმდენად დინამიკურია და ისე სწრაფად ვითარდება – როცა გგონია მაქსიმუმს მიაღწიე, მაშინვე ახალი გამოწვევა ჩნდება, მთელი შემართებით  აქტიურად ერთვები და შესაძლებლობების ახალი ფურცელიც იშლება. 

რა არის მაგთიკომის მთავარი მიღწევა ოპერირებიდან 25 წლის შემდეგ?

მიმაჩნია, რომ მაგთიკომის მთავარი მიღწევა ხარისხი და, ამავდროულად, უზადო რეპუტაციაა. ბიზნესში საკმარისად არის იმის მაგალითები, რომ კომპანია წარმატებით იწყებს საქმიანობას, მაგრამ მარცხით ასრულებს. ის, რომ მუდმივად ბაზრის ლიდერი ხარ და დაარსებიდან დღემდე ხარისხს ინარჩუნებ, ვფიქრობ, მაგთიკომის მთავარი მონაპოვარია.  ეს იმას ნიშნავს, რომ აბონენტები გენდობიან და სწორედ ამ ნდობის შენარჩუნებაა ყველაზე რთული ამოცანა. არც ხარისხის მიღწევაა მარტივი. ის საკმაოდ მსხვილ კაპიტალურ დანახარჯებსა და დიდ ინვესტიციებს მოითხოვს. ამიტომაც ხარისხიან მომსახურებას თავისი ფასი აქვს. ის ფაქტი, რომ მაგთიკომს ყველაზე მეტი აბონენტი ჰყავს, იმაზე მეტყველებს, რომ სანდო კავშირს ყველაზე მეტი მომხმარებელი ირჩევს. „მოიპოვე ლიდერობა ყოველდღე“ (Earn your leadership every day)   ეს მაიკლ ჯორდანის, მართლაც რომ ბუნებისგან დაჯილდოებული ლიდერის და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელის სიტყვებია. ვფიქრობ, ჩვენ ზუსტად ამას ვაკეთებთ.

როგორი ორგანიზაციული კულტურა დანერგა მაგთიკომმა საქართველოში?

პრინციპები, რომლებიც შემდგომში კორპორაციული კულტურის ნაწილი ხდება, შესაძლოა, ორგანიზაციის ნებისმიერი წევრისგან მოდიოდეს, მაგრამ მას დიდწილად დამფუძნებლის ხედვები და ღირებულებები განსაზღვრავს. რაც უფრო მეტი თანამშრომელი იზიარებს ამ პრინციპებს, მით უფრო ძლიერია კომპანიის ორგანიზაციული კულტურა. უპირველეს ყოვლისა, მაგთიკომისთვის ეს დასახული მიზნების ეფექტიანად მიღწევაა, რაშიც ცალსახად გვეხმარება მინიმალური ბიუროკრატია, ბიზნესპროცესების სწორი მართვა და შესაბამისი კონტროლი. ამასთან, ეს ეხება ყველას ტოპმენეჯერებით დაწყებული, გამოსაცდელი ვადით მყოფი ახალი თანამშრომლებით დამთავრებული.

მაგთიკომის მოქნილობა და უნარი, სწრაფად უპასუხოს ცვლილებებს, სწორედ ძლიერი ორგანიზაციული კულტურის ნაწილია. ერთია ქვეყნის შიგნით წარმოქმნილი გამოწვევები და მეორეა გლობალური კონტექსტი და ტექნოლოგიური პროგრესი. როგორც სტრატეგიულ, ისე საოპერაციო დონეზე, უსწრაფესად შეგვიძლია ვუპასუხოთ საკანონმდებლო ცვლილებებსაც და მაკროეკონომიკურ გამოწვევებსაც. თუ სწრაფი რეაგირების უნარი არ გვექნება, ლიდერობასაც დავკარგავთ. სრული სატელეკომუნიკაციო სერვისის უწყვეტად და ხარისხიანად მიწოდება კომპანიის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამგვარ გამოწვევებზე გამუდმებით ვფიქრობთ და მზად ვართ შესაბამისი რეაგირებისათვის.

კორპორაციული კულტურა ერთ-ერთ მთავარ გამოცდას კომპანიების შერწყმისა და შეძენის დროს (Mergers and Acquisitions) „აბარებს“. ცნობილია, რომ შერწყმის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა კორპორაციული კულტურების შეუთავსებლობაა. ჩვენი გუნდის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ რეკორდულად მცირე, 4-თვიანი ინტერვალით, ორი განსხვავებული კორპორაციული კულტურის მქონე კომპანიის (ჯერ კავკასუს ონლაინის საცალო ბიზნესი, ხოლო შემდეგ დელტა კომმის 100%-იანი წილი) შეძენა/შერწყმა და ტრანსფორმაცია წარმატებით განვახორციელეთ. შედეგად, მოსალოდნელი სინერგიები მივიღეთ.

რა არის თქვენთვის ბიზნესის ეთიკის მთავარი პრინციპები?

გრძელვადიანი წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული კომპანიის ეთიკურ გადაწყვეტილებებზე. ერთია კანონმდებლობით დადგენილი და რეგულირებული წესები და მეორეა კანონმდებლობის მიღმა ქცევა, რომელიც თანამედროვე სამყაროში კომპანიებისთვისაც და მათი თანამშრომლებისთვისაც მთავარი ორიენტირია. საქმის ერთგულება, პატიოსნება, დისციპლინა და მუდმივი თვითკრიტიკა ჩვენი მთავარი პრინციპებია, რომელთა მეშვეობით ისევ საკუთარ თავს ვეჯიბრებით და ვეპაექრებით. მაგთიკომის რეპუტაციას წესიერი, სამართლიანი და მორალურად მართალი ადამიანები ქმნიან. მიცემული პირობის ზედმიწევნით შესრულება ჩვენთვის უპირველესი ამოცანაა. ეს გვეხმარება თანამშრომლების, აბონენტების, ბიზნესპარტნიორების თუ ფართო საზოგადოების ნდობის მოპოვებასა და შენარჩუნებაში.

2 მილიარდ 300 მილიონზე მეტი ქვეყნის ბიუჯეტში და მილიარდ დოლარზე მეტი  ინვესტიციაში  ამ ციფრების მიღმა, რას ნიშნავს მაგთიკომი ქვეყნის ეკონომიკისთვის?

კომპანიების წარმატების ერთ-ერთი კრიტერიუმი მათი კონტრიბუციაა ქვეყნის ეკონომიკაში. მეამაყება, რომ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით,  მუდმივად ვხვდებით ქვეყნის მსხვილი ინვესტორების ტოპათეულში, რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ადასტურებს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში მყარი ვალუტის შემოდინების არსებითი წყაროა და, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ამ რიცხვების მიღმა ქვეყნის რეალური წინსვლა, მისი განვითარება, სტაბილურობა და სიღარიბის დაძლევაა, რაც, ბუნებრივია, ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება.

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული ტექნოლოგიურ პროგრესზე, ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე. უფრო ინოვაციური, ტექნოლოგიურად წინ წასული ქვეყნები ხშირად მეტად კონკურენტუნარიანები არიან და უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლებიც აქვთ. ინტერნეტისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების სახით არსებული ინფრასტრუქტურა ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნდამენტი და შესაბამისად, არა მარტო ელექტრონული კომერციის, არამედ ინფორმაციის და იდეების გაცვლის, განათლებისა და ჯანდაცვის განვითარების ქვაკუთხედიცაა. სწორედ ამიტომ, ინფრასტრუქტურის განვითარებაში სოლიდური ინვესტიციები განვახორციელეთ,  მასზე დაშენებული ციფრული პლატფორმების მოქნილობისა და ეფექტიანობისთვის, რაც საჯარო თუ კერძო სექტორში პროდუქტებისა და სერვისების იოლად ხელმისაწვდომობას ნიშნავს.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ გადასახადებს, ამ თვალსაზრისით, მაგთიკომი დაფუძნების დღიდან იყო და რჩება გამჭვირვალობის ეტალონად. ეს ჩვენი კომპანიის დნმ-შია და მისი დამფუძნებლის, ბატონი გია ჯოხთაბერიძის, უკომპრომისო პირობაა. მთავარი პრინციპი კვლავაც უცვლელია: პირნათლად ყოფნა სახელმწიფო ბიუჯეტთან. გარდა იმისა, რომ კომპანიაში ამ მიმართულებითაც ბრწყინვალე პროფესიონალები გვყავს, დამოუკიდებელი, წამყვანი აუდიტორული კომპანიების მხრიდანაც დამატებით რწმუნებას და გარანტიას ვიღებთ გადახდების სისწორესა და დროულობაზე.

წლების შემდეგ, მაგთიკომის კვალდაკვალ, სხვა კომპანიებმაც დაიწყეს გადასახადების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. უფრო მეტიც, ვფიქრობ, მაგთიკომის მაგალითმა არა მხოლოდ კომპანიებში, არამედ მოქალაქეებშიც გააჩინა გადასახადების გადახდის ჩვევა და კულტურა. როგორც სხვადასხვა ქვეყნის კვლევებმა აჩვენა, გადასახადის გადამხდელობასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას შორის მჭიდრო კავშირია – მოქალაქე, რომელიც პირნათლად იხდის გადასახადს, უფრო მეტად ინტერესდება, რაში იხარჯება მის მიერ გადახდილი თანხა და თავს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრად მიიჩნევს.

სრული საკომუნიკაციო სერვისის შეთავაზების შემდეგ, რა იქნება ის, რაც მაგთიკომის აბონენტებს კიდევ უფრო მეტ უპირატესობას აგრძნობინებს?

როგორც აღვნიშნე, სატელეკომონუკაციო სფერო საკმაოდ სწრაფად ვითარდება და მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად ყალიბდება. თუ 15 წლის წინ აბონენტებისათვის ტელეკომუნიკაცია მხოლოდ დარეკვას, საუბარს და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნას ნიშნავდა, ახლა უკვე დიდწილად მონაცემთა გადაცემაა.
ისეთი ტექნოლოგიების სწრაფი ზრდა, როგორიცაა 5G, IoT (საგანთა ინტერნეტი), AI (ხელოვნური ინტელექტი) და ML (მანქანური სწავლება) გადაწვეტილებები, გვაფიქრებინებს, რომ უახლოეს წლებში მასშტაბურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

მობილურ ქსელში 5G ტექნოლოგიის განვითარება, 4G ქსელთან შედარებით, მონაცემთა გაცილებით უფრო სწრაფ გადაცემას და მცირე დაყოვნებას ნიშნავს. ეს კი მეტად ინოვაციური პროდუქტებისა და აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობას ქმნის. 5G თაობის ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, საგანთა ინტერნეტი (IoT) მონაცემთა რეალურ დროში შეგროვებას და სწრაფი ანალიზის საშუალებას იძლევა, რაც მომხმარებელთა სურვილების უკეთ გაგებასა და პროგნოზირებადი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აჩენს. AI და ML გადაწყვეტილებები ოპერირების ეფექტიანობის ზრდასა და დანახარჯების შემცირებას უწყობს ხელს. მათი საშუალებით კი ქსელის ოპტიმიზაციის პროცესის ავტომატიზება შეიძლება.

ჩამოთვლილი ტექნოლოგიური ტენდენციები ტელეკომუნიკაციის სფეროს მომავალია და საბოლოოდ ისევ მაღალი ხარისხის სერვისების უზრუნველყოფისკენაა მიმართული. ჩვენ საკმაოდ მოქნილები ვართ იმისათვის, რომ ქართული ბაზრის მზაობისთანავე ყველა საჭირო სერვისი დროულად და ეფექტიანად დავნერგოთ. გვსურს, ჩვენი აბონენტები ამაყობდნენ, რომ მაგთიკომის ქსელში ჩართვით მუდამ თანამედროვე ტექნოლოგიებით სარგებლობენ.

 რას ეფუძნება მაგთიკომის ფინანსური გადაწყვეტილებები?

ჩვენ გვჯერა და დრომაც დაამტკიცა, რომ  მაღალი ხარისხის სერვისების უზრუნველყოფაზე მიღებული გადაწყვეტილებები გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსურ წარმატებასაც განაპირობებს. მაგთიკომს საქმიანობის საწყის ეტაპზე მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნებით რომ ეხელმძღვანელა, დღეს რთულად მისადგომი და ნაკლებად დასახლებული რეგიონებისა და სოფლების დაფარვა არ გვექნებოდა. სწორედ საქმის მიმართ ერთგულებით, მობილური კავშირგაბმულობის ფართო და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფით დავიმსახურეთ აბონენტების ნდობა, ერთგულება და დაფასება. ოპტიკური ინტერნეტის ქსელის განვითარების მხრივაც, არ გამოვეკიდეთ მოკლევადიან ფინანსურ შედეგებს. რეგიონებში მოსახლეობის სიმცირის პირობებში მსხვილი ინვესტიციები განვახორციელეთ და, შედეგად, ყველაზე მაღალი დაფარვის მაჩვენებელი მივიღეთ. ოპტიკური ინტერნეტი და IP ტელევიზია ხელს უწყობს რეგიონების გაძლიერებას, მოსახლეობის სოფლად შენარჩუნებას და ახალგაზრდების განათლებას, რაც ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენი ქვეყნის წარმატება კი მაგთიკომის წარმატებაცაა.

ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ! – გლობალიზაციის ეპოქაში რას ნიშნავს ეს ფრაზა თქვენთვის?

გამოთქმა „მსოფლიო სულ უფრო პატარავდება“ დღეს ყველაზე მეტად შეესაბამება სიმართლეს. საერთაშორისო ბაზრები, ტექნოლოგიები და ორგანიზაციები მეტად ურთიერთდაკავშირებულნი ხდებიან. დღევანდელი ინტერნეტის სამყარო სოციალური ქსელებით, ვიდეოსტრიმინგით, ბლოგებით, ონლაინ კოლაბორაციებით, პოდკასტებით, მობილური მოწყობილობებით რადიკალურად განსხვავდება იმ სამყაროსგან, რომელიც ნაცნობი და კომფორტული იყო ბევრისთვის. ციფრულმა რევოლუციამ შეცვალა ყველაფერი  არა მარტო ის, როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან, არამედ ისიც, თუ როგორ იქმნება და იმართება ორგანიზაციები, როგორ ოპერირებს ბიზნესი და როგორ მუშაობენ თანამშრომლები. დღევანდელი წარმატებული კომპანიები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თავს როგორც „სახლში“, ისე გრძნობენ. გლობალური პროცესები არა მარტო ახალ შესაძლებლობებს აჩენს, არამედ მძაფრ კონკურენციასაც ქმნის. კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, საქართველო, უახლესი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის კუთხით, არ უნდა ჩამორჩეს წამყვან ქვეყნებს. ამ თვალსაზრისით, მაგთიკომი ნამდვილად მისაბაძი კომპანიაა. აბონენტებისათვის უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების შეთავაზების გარდა, კომპანიის შიგნითაც, წლებია, ჩვენივე თანამშრომლების მიერ შექმნილ IT გადაწყვეტებსა და საოპერაციო სისტემებს ვიყენებთ, რომლებიც ზუსტად პასუხობენ ჩვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებს. გარდა იმისა, რომ დღეს, გლობალურ ეპოქაში, მაგთიკომი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და უკეთ წარმოჩენისათვის კულტურის სფეროში იღვწის, თავის სიტყვას ტექნოლოგიების განვითარებაშიც ამბობს ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ!